იტალიაკრიმინალისაზოგადოება

იტალიის ციხეებიდან 10 000-ზე მეტი პატიმარი ვადაზე ადრე გათავისუფლდება – ქვეყანა სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმებს იწყებს

გადატვირთული ციხეები, მზარდი თვითმკვლელობები და ახალი ალტერნატიული სასჯელები

იტალიის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა გეგმა, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში 10 000-ზე მეტი პატიმარი გათავისუფლდება, რაც ქვეყნის ციხეებში მყოფი საერთო მსჯავრდებულთა დაახლოებით 15%-ს შეადგენს. ინიციატივა უკავშირდება სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით ციხეების გადატვირთულობასა და არასათანადო ჰიგიენურ-საცხოვრებელ პირობებს.

მხოლოდ 38 ციხე არ არის გადატვირთული

იტალიაში ამჟამად 190 სასჯელაღსრულებითი დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელთაგან მხოლოდ 38 არ არის გადატვირთული. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს საკანში ერთზე მეტი პატიმარია – ზოგჯერ ორზე, სამზე მეტიც კი, რაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებს ქმნის.

თვითმკვლელობები რეკორდულ დონეზეა

არასამთავრობო ორგანიზაცია Antigone-ს 2024 წლის ანგარიშის თანახმად, იტალიის ციხეებში თვითმკვლელობის შემთხვევებმა 9,3%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს, სულ ცოტა, 91-მა პატიმარმა მოიკლა თავი – ეს ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემაში.

ვინ გათავისუფლდება?

გათავისუფლების პროგრამა შეეხება იმ მსჯავრდებულებს:
– რომელთა განაჩენიც უკვე შესულია ძალაში და აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას;
– რომელთა დარჩენილი სასჯელის ვადა არ აღემატება ორ წელს;
– რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონიათ სერიოზული დისციპლინური გადაცდომები.

არსებობს შეზღუდვებიც: კანონი არ შეეხება პირებს, რომლებიც გასამართლებულები არიან ტერორიზმის ან დანაშაულებრივ ჯგუფებში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, სხვა მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის.

რას გულისხმობს ალტერნატიული სასჯელი?

ალტერნატიული ზომები მოიცავს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ნახევრად ღია ან ღია ტიპის დაწესებულებებში მოთავსებას, შინაპატიმრობას, ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას და სხვ. ამ გზით ხელისუფლება ცდილობს, ჰუმანური და სამართლიანი მიდგომა გამოიყენოს მსჯავრდებულთათვის, რომლებიც რეალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის.

სოციოლოგიური და სამართლებრივი კონტექსტი

იტალიის ციხეების კრიზისი წლებია დაგროვებული პრობლემების ფონზე მძიმდება. გაუარესებული ინფრასტრუქტურა, ფსიქოლოგიური დახმარების დეფიციტი და გადატვირთული საკნები ქმნის გარემოს, სადაც ადამიანების ღირსებას და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. ახალი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ჰუმანური სამართლის პრინციპების განხორციელებას, შესაძლოა გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდეს სისტემური განახლებისკენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close