
კალიფორნიის პროკურატურამ გასულ კვირას ბრალი წაუყენა აშშ-ის შვიდ მოქალაქეს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ხალხმრავალ ავტოსადგომზე საიუველირო ნაკეთობებით სავსე სატვირთო მანქანა 27 წუთში გაძარცვეს და მიიმალნენ. მძარცველებმა 100 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო, ბრილიანტი, ლალი, ზურმუხტი და ელიტური საათები გაიტაცეს. სამი წლის განმავლობაში დამნაშავეებიდან მხოლოდ სამი დააკავეს და მოპარული ნივთების მხოლოდ მცირე ნაწილი ამოიღეს.
2022 წლის 8 და 9 ივლისს კალიფორნიის ქალაქ სან-მატეოში სამკაულების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ნაკეთობებს შორის იყო ყელსაბამი 25-კარატიანი ყვითელი ბრილიანტით, იშვიათი შავი ოპალი ავსტრალიიდან და ბირმული მეწამული ლალი. გამოფენის დასრულების შემდეგ ძვირფასეულობა სპეციალურ ყუთებში ჩაალაგეს და დაქირავებული სატვირთო მანქანის მისაბმელში მოათავსეს.
2022 წლის 10 ივლისის საღამოს ძვირფასეულობით დატვირთული მანქანა, რომელსაც დაჯავშნილი საბარგულის ნაცვლად ჩვეულებრივი დახურული მისაბმელი ჰქონდა, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-მატეოდან ლოს-ანჯელესისკენ გაემგზავრა. უსაფრთხოების ერთადერთი ზომა იყო მისაბმელის კარის საკეტი.
ავტომობილს ორი მძღოლი მართავდა, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდენ. ძარცვის მომენტში ერთს ეძინა, მეორე კი გზისპირა კაფეში ვახშმობდა. დანაშაულის დეტალები ბოლომდე უცნობია, თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ ძარცვა საგულდაგულოდ იყო მომზადებული და დაგეგმილი..
ბრალდების დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთმა მძარცველმა, ჯაზაელ პადილა რესტომ, 2022 წლის 8 ივლისს სან-მატეოში (სან-ფრანცისკოს სამხრეთით) გამართული სამკაულების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა. ორი დღის შემდეგ მან და მისმა თანამზრახველებმა დაიწყეს სატვირთო მანქანის თვალთვალი, რომლის საბარგულშიც ძვირფასეულობით სავსე 73 ჩანთა იყო. სატვირთოს სან-მატეოდან გასვლის შემდეგ მძღოლებმა ორ ადგილას შეისვენეს – ჯერ ქალაქ ბატონვილოუში და შემდეგ – ლებეკში (ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით). სწორედ აქ, 10-11 ივლისის ღამეს მძარცველებმა საბარგულის საკეტი გატეხეს და იქიდან სამკაულების 24 ჩანთა მოიპარეს.
საინტერესო დეტალი: მძარცველებმა სამი ფერის – თეთრი, ყვითელი და ნარინჯისფერი ქსოვილის ჩანთებიდან სწორედ ნარინჯისფერები ამოირჩიეს, რომლებიც კარიდან მოშორებულ კუთხეში ეწყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნარინჯისფერ ჩანთებში ყველაზე ძვირადღირებული სამკაულები ეწყო.
ძარცვის შემდეგ ჯგუფი მოპარული ნივთებით აღმოსავლეთ ჰოლივუდში გადავიდა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულთა უმეტესობამ მომდევნო დღეებში ის ტელეფონები გათიშა, რომლებსაც ისინი ძარცვის დაგეგმვისას იყენებდნენ.
დაზარალებულთა ინფორმაციით, მოპარული ნივთების საერთო ღირებულება $100 მილიონს შეადგენს. პროკურატურის ცნობით, ნაწილის პოვნა მოხერხდა, როდესაც ჩატარებული ჩხრეკებისას სამართალდამცველებმა სამკაულები ამოიღეს, თუმცა ნაპოვნი ნივთების ზუსტი ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია, ისევე როგორც ის, თუ სად გაქრა დანარჩენი სამკაული.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები