ულამაზესი ფლამინგოები იტალიის მინდვრების წყევლად იქცნენ

იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ფერმერები უჩვეულო პრობლემის წინაშე დგანან – ფლამინგოების გუნდები მასობრივად ანადგურებენ ბრინჯის მოსავალს. მიგრირებულმა ფრინველებმა ფერარის პროვინციაში ბრინჯის მოსავლისთვის დატბორილი მინდვრები ბინადრობის ახალ ადგილად აირჩიეს.
ფლამინგოების რეგიონში გამოჩენა ახალი მოვლენაა. ისინი ფერარის პროვინციაში, ვენეციასა და რავენას შორის, ხელოვნურად დატბორილ მინდვრებზე დასახლდნენ. სწორედ აქ მოჰყავთ ბრინჯის განსაკუთრებული სახეობა რიზოტოსთვის.
ფლამინგოები თავად ბრინჯს არ ჭამენ. ისინი მოლუსკებითა და მწერებით იკვებებიან, მათ ძებნაში კი ფეხებით ტკეპნიან ნიადაგს, რაც მცენარეთა ფესვთა სისტემის დაზიანებას იწვევს.
ზოგიერთი ფერმერი აცხადებს, რომ ფლამინგოების გამო მოსავლის 80-90% დაკარგა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ისინი სახელმწიფოსგან ან რეგიონის მთავრობისგან ითხოვენ კომპენსაციებს მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად ან დაცვის ახალი მეთოდების დანერგვას.
ბრინჯის მოყვანა ძვირად ღირებული და ტექნოლოგიურად რთული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა. ფერმერები ბრინჯის თესლის გასაღვივებლად თავიანთ მინდვრებს გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის დასაწყისამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ტბორავენ.
ფლამინგოების დასაფრთხობად სხვადასხვა სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, მათ შორის, ღამით მორიგეობას, კასრებზე ბრახუნს და მანქანების სიგნალებს, თუმცა ფლამინგოები შორს არ მიფრინავენ და ახლომდებარე მინდვრებში სახლდებიან. თანაც ხმაური ღამით მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და აღიზიანებს.
მეცნიერები და ფერმერები ახლა ცდილობენ, საერთო გამოსავალი მოძებნონ – როგორ შეინარჩუნონ ბუნებრივი ბალანსი ფლამინგოებისთვის და, ამავე დროს, დაიცვან ეკონომიკურად ღირებული კულტურები.
ფრინველები რეგიონში სამხრეთ ესპანეთში გვალვების შემდეგ გამოჩნდნენ. ორნითოლოგ რობერტო ტინარელის თქმით, ფლამინგოები, როგორც წესი, აფრიკასა და სამხრეთ ევროპაში გვხვდებიან, მაგრამ ახლა საკვებს კონტინენტის შიგნით, უფრო სიღრმეში ეძებენ – იქ, სადაც ფერმერები გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში თავიანთ მინდვრებს ტბორავენ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები