მსოფლიოეკონომიკა

რატომ ქმნის ევროს გამყარება ევროპისთვის პრობლემას?

ევროს კურსის გამყარება, ერთი შეხედვით, პოზიტიური მოვლენა ჩანს: ძლიერი ვალუტა ეკონომიკურ სტაბილურობასთან და ინვესტორთა ნდობასთან ასოცირდება. სინამდვილეში კი ძლიერი ევრო ხშირად სერიოზულ პრობლემებს უქმნის ევროპის ეკონომიკას. მაგალითად, ის განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს იმ ინდუსტრიებს, რომლებიც გლობალურ ბაზრებზე არიან დამოკიდებულნი და საფასო ცვლილებებზე დრამატულად რეაგირებენ.

როდესაც ევრო სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებით ძვირდება, ეს ართულებს ევროპის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის გაყიდვას საზღვარგარეთ, რადგან თავად პროდუქცია ძვირდება, ანუ ის ნაკლებად კონკურენტული ხდება. მოგეხსენებათ ევროზონა ძლიერადაა დამოკიდებული ექსპორტზე, განსაკუთრებით გერმანია, ნიდერლანდები და იტალია, სადაც მრავალი საწარმო სწორედ საექსპორტო შეკვეთებზე მუშაობს. ძლიერი ევრო დასავლურ პროდუქციას უფრო ძვირს ხდის უცხოელი მყიდველებისთვის, რაც მათ უბიძგებს, იაფ ალტერნატივებზე გადავიდნენ და ევროპული პროდუქცია სრულად ჩაანაცვლონ. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს გლობალური შეკვეთების შემცირებას, წარმოების კლებას, სამუშაო ადგილების დაკარგვას და ეკონომიკურ სტაგნაციას.

ამასთან, ძლიერი ევრო ამცირებს იმპორტირებული საქონლის ღირებულებას, რადგან უცხოური საქონელი იაფდება. ეს ეფექტი სასარგებლოა მომხმარებლებისთვის, რადგან ფასები დაბლა ჩამოდის, თუმცა ეკონომიკისთვის საფრთხეს ქმნის დეფლაციის მხრივ, რომელიც თუ უკონტროლო გახდა, ეკონომიკურ სტაგნაციას იწვევს.

ევროპის ცენტრალური ბანკისთვის ეს სიტუაცია პრობლემურია იმ მხრივაც, რომ რთულდება მონეტარული პოლიტიკის მოქნილად მართვა. როდესაც ევრო ძვირდება, ეკონომიკას შეიძლება უფრო მძლავრი მექანიზმებით სტიმულირება დასჭირდეს, თუმცა თავად ძლიერი ვალუტა აკნინებს ამ ძალისხმევის შედეგებს, მარტივად რომ ვთქვათ: ECB მართვის ბერკეტებს კარგავს, ეს კი მისასალმებელი თითქმის არასოდეს არ არის.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ევროს გამყარების მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს. ხშირად ეს გამოწვეულია ინვესტორთა ნდობის ზრდით ევროპის ეკონომიკის მიმართ, რაც კარგია, ან ამერიკული დოლარის დასუსტებით, ისევე როგორც ახლა, რაც დიდად სახარბიელო მოცემულობას არ ქმნის. ზოგჯერ გლობალური კრიზისების პერიოდში ევროპა უსაფრთხო თავშესაფრად აღიქმება, რაც ევროზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა ძლიერი ვალუტა ყოველთვის ვერ ითარგმნება ეკონომიკური წარმატების სრულყოფილ მაჩვენებლად, რადგან ის ექსპორტის ზრდის პოტენციალს ასუსტებს, აძლიერებს დეფლაციურ ზეწოლას და ანეიტრალებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას.

ცხადია, ძლიერი ევროს გამო ყველა სექტორი ერთნაირად არ ზარალდება. მოგებულები რჩებიან იმპორტიორები, რომლებსაც უფრო იაფი პროდუქციის შემოტანა შეუძლიათ, ასევე, ევროპელი ტურისტები, რომლებსაც უცხოეთში მოგზაურობა უფრო იაფი უჯდებათ. მაგრამ ევროპული ეკონომიკის სტრუქტურა მეტწილად ექსპორტზეა დამოკიდებული, ამიტომ ევროს ზედმეტად გამყარება პოზიტიური მოვლენა არ არის, ამიტომაც ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში მსხვილ ევროპულ კომპანიებს ცუდი ფინანსური შედეგები აქვთ და ევროპული საფონდო ბირჟა მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის ამერიკულ კონკურენტს.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close