
2025 წლის ივნისის ბოლოს იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ახალი სამწლიანი მიგრაციული დებულება – „Decreto Flussi 2026-2028“, რომელიც განსაზღვრავს, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების რამდენ მოქალაქეს ექნება კანონიერი უფლება, ჩავიდეს იტალიაში სამუშაოდ.
დოკუმენტის თანახმად, 2026 წელს იტალიაში ლეგალურად მუშაობის უფლება ექნება დაახლოებით 164 850 ადამიანს, 2027-ში – 165 850-ს, ხოლო 2028 წელს – 166 850-ს. მთლიანობაში სამ წელიწადში გაცემული ვიზების რაოდენობა 497 550-ს მიაღწევს, რაც საგრძნობლად აჭარბებს წინა წლების დეკრეტებით განსაზღვრულ მაჩვენებლებს.
მელონის მთავრობის ახალი დეკრეტის მთავარი მიზანია ლეგალური მიგრაციის არხების გაფართოება, შრომის ბაზრის რეალური მოთხოვნების შესაბამისი დაგეგმვა და უკანონო, არალეგალური მიგრაციის შემცირება.
რაოდენობები და განაწილება
წელი | ვიზების რაოდენობა |
---|---|
2026 | 164 850 |
2027 | 165 850 |
2028 | 166 850 |
ჯამი | 497 550 |
საკვანძო სექტორები, რომელთათვისაც კვოტები გაიცემა, ძირითადად, მოიცავს:
-
სეზონური სამუშაოები (აგრარული სექტორი, ტურიზმი),
-
არასეზონური სექტორები, როგორიცაა: მშენებლობა, ლოგისტიკა, მეტალურგია, გემთმშენებლობა და ოჯახური მოვლა (ზრუნვის სექტორი),
-
თვითდასაქმებულები და სპეციალისტები, მათ შორის, IT, ტექნიკური და სამედიცინო პროფესიების წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ცალკე კვოტებია კოლფებისა (იტ. ოჯახის დამხმარე) და ბადანტეებისთვის (იტ. მომვლელი), 2026 წელს – 13 600; ხოლო 2027–28 წლებში – შესაბამისად,14 000 და 14 200.
ასევე გაგრძელდება კვოტების რეზერვირება მათთვის, ვინც იტალიურენოვან კურსებს გადის წარმოშობის ქვეყნებში ან ორმხრივ შეთანხმებებსა და სატრენინგო პროგრამებში მონაწილეობს.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ახალი Decreto Flussi ორიენტირებულია შრომით მიგრაციაზე, რომელიც რეგულარულად და წინასწარ დაგეგმილად ხდება, რაც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი დამსაქმებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციის პროცესს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ფაქტორი: მხოლოდ იმ პირს შეეძლება ვიზის მიღება, ვინც შესაბამისი გარანტიებითა და კონტრაქტით იტალიური კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის შესაძლებლობები იზრდება
როგორც წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, საქართველო უკვე მრავალი წელია წარმოდგენილია Decreto Flussi-ით დადგენილ კვოტებში და, სავარაუდოდ, 2026-2028 წლებშიც შეინარჩუნებს ადგილს იტალიის მიგრაციულ გეგმაში.
საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ე. წ. ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებს, რაც გულისხმობს ენის შესწავლას, პროფესიულ მომზადებას და შემდგომ ვიზის მიღებას ოფიციალური გზით.
კრიტიკა და გამოწვევები
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი დეკრეტი მთავრობას ერთსულოვნად არ მიუღია. მემარცხენე ოპოზიცია და პროფკავშირები კრიტიკულად აფასებენ კვოტებში სეზონური სამუშაოების მაღალ წილს და ლეგალიზაციის შესაძლებლობების ნაკლებობას. მათი თქმით, საჭიროა მეტი გრძელვადიანი სამუშაოს ხელშეწყობა და იტალიაში უკვე მცხოვრები არალეგალური მიგრანტების სტატუსის მოწესრიგება (ე. წ. სანატორია).
მემარჯვენე და ცენტრისტული ძალები კი მიიჩნევენ, რომ დეკრეტი არის „ზომიერი და დაბალანსებული პასუხი“ ეკონომიკურ მოთხოვნებზე – განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იტალიაში შრომის ბაზარი სერიოზულ დემოგრაფიულ გამოწვევებს ეჯახება.
იტალიისთვის, რომელიც ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკას წარმოადგენს, მოსახლეობის დაბერება და შობადობის კლება მნიშვნელოვანი პრობლემაა – ქვეყანაში მუშახელის დეფიციტს ქმნის. იტალიაში 2024 წელს გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობას დაახლოებით 281 000-ით აღემატებოდა, ხოლო მოსახლეობა 37000-ით შემცირდა, 58.93 მილიონამდე და კლების ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება.
იტალიის ბიუჯეტისა და საზოგადოებრივი ფინანსების ობსერვატორიის (Osservatorio Conti Pubblici) ანალიზის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნებისთვის და დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად იტალიას 2050 წლამდე, სულ ცოტა, 10 მილიონი იმიგრანტის მიღება მოუწევს.
ნანა ძნელაძე
კომენტარები