
ოქრო მძიმე ლითონი და დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია, რომელიც კოსმოსში ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებისას იქმნება. ეს მბზინავი ლითონი საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა სიმდიდრის, ძალაუფლებისა და სტაბილურობის სიმბოლოდ და დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელობას როგორც ფინანსურ სამყაროში, ისე ტექნოლოგიურ სფეროებში. მაგრამ ცოტამ თუ იცის ზუსტად, რამდენი ოქრო არსებობს დედამიწაზე. რამდენია უკვე მოპოვებული, სად ინახება და რეალურად რამდენი დარჩა?
რამდენი ოქროა კაცობრიობის მიერ მოპოვებული?
გაფილტრული სტატისტიკის თანახმად, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ჯამში მოპოვებულია დაახლოებით 208 000 ტონა ოქრო (World Gold Council-ის 2024 წლის მონაცემებით). ეს რაოდენობა რომ გადამდნარიყო ერთ მასიურ კუბად, ამ კუბის გვერდის სიგრძე 22 მეტრი იქნებოდა – გასაკვირი სიმცირე, თუ ამ ლითონის ეკონომიკურ გავლენას გავითვალისწინებთ.
სად არის ეს ოქრო?
დღეს არსებული ოქროს დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორმითა და დანიშნულებითაა გადანაწილებული:
-
46% (96 000 ტონა) – სამკაულის სახით კერძო პირების ხელშია;
-
17% (35 ათასი ტონა) – მსოფლიო ცენტრალური ბანკებისა და სახელმწიფო რეზერვების მფლობელობაშია;
-
21% (44 000 ტონა) – ინვესტიციური მიზნებისთვის გამოიყენება (ზოდები, ოქროს მონეტები);
-
დაახლოებით 14% (29 000 ტონა) – ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ სფეროებშია ინტეგრირებული (მაგალითად, მობილურ ტელეფონებში, მიკროჩიპებში ან სამედიცინო აპარატურაში).
ყველაზე მსხვილი სახელმწიფო რეზერვები აქვს აშშ-ს – დაახლოებით 8 100 ტონა. შემდეგ მოდის გერმანია, იტალია, საფრანგეთი და რუსეთი.
რამდენ ოქრო მოიპოვება წელიწადში?
ოქროს გლობალური მოპოვება წლიურად დაახლოებით 3 500 ტონას შეადგენს. მსოფლიო ლიდერი მწარმოებელია ჩინეთი, რომელმაც 2024 წელს ყველაზე მეტი ეს ძვირფასი ლითონი მოიპოვა. მას მოჰყვებიან რუსეთი, ავსტრალია, აშშ და კანადა. თუმცა გეოლოგები უკვე რამდენიმე წელია აფრთხილებენ მსოფლიოს, რომ მაღალგამოსავლიანი საბადოები იშვიათი ხდება და მოპოვება სულ უფრო ძვირი და ტექნიკურად რთული პროცესია.
რამდენი ოქრო რჩება დედამიწის ქერქში?
საერთაშორისო გეოლოგიური და სამთო ექსპერტების შეფასებით, დედამიწის ქერქში დარჩენილია დაახლოებით 55 000 ტონა მოსაპოვებელი ოქრო. ამჟამინდელი მოპოვების ტემპს თუ გავითვალისწინებთ, ეს რაოდენობა შესაძლოა 15-20 წელიწადში ამოიწუროს.
ამასთან, არსებობს თეორიული ვარაუდი, რომ დედამიწის ბირთვში, რომელსაც ჯერ არ გვაქვს ტექნოლოგიური წვდომა, შესაძლოა ინახებოდეს მილიონობით ტონა ოქრო – თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და არა დადასტურებული რეალობა.
„როდესაც დედამიწა ფორმირდებოდა, იმ დროისათვის არსებული ოქროს უმეტესი ნაწილი თავისი სიმკვრივის გამო პლანეტის ბირთვში ჩაიძირა, – მისწერა გამოცემა Live Science-ს ელექტრონულად ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარმა, მადნის საბადოების გეოლოგმა კრის ვოიზიმ. მისივე ინფორმაციით, დანარჩენი ელემენტები პლანეტაზე ე. წ. „გვიანი მძიმე დაბომბვის“ პერიოდში (4.1 მილიარდიდან 3.8 მილიარდ წლამდე) მოხვდა, როდესაც დედამიწას მეტეორიტები ინტენსიურად ეჯახებოდნენ. ვოიზის განმარტებით, სწორედ მაშინ აღმოჩნდა პლანეტაზე ის ოქრო, რომელსაც დღეს გეოლოგები და რესურსებზე მომუშავე ექსპერტები ქანებში პოულობენ. ეს ოქრო ბირთვში არ ჩასულა, რადგან იმ დროისთვის პლანეტის ქერქი უკვე გამაგრებული იყო.
მართლაც, ასტრონომიული კვლევები მიუთითებს, რომ ზოგიერთი ასტეროიდი შეიძლება ათასობით ტონა ოქროს შეიცავდეს, თუმცა კოსმოსიდან ასეთი მასალის მოპოვება ჯერ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება.
სახალისო გადახვევა: ახლა ალბათ გაიფიქრეთ, ნეტავ ასეთი ერთი პატარა მეტეორიტი ჩემს ეზოში ჩამოვარდესო.
ოქროს ღირებულება და მისი მომავალი
ოქრო კვლავაც რჩება ფინანსური უსაფრთხოების უნივერსალურ სიმბოლოდ, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობებისა და ინფლაციის პირობებში. თუმცა დღეს მას სულ უფრო მეტად ითხოვს ტექნოლოგიური ინდუსტრიები, მათ შორის, მიკროელექტრონიკა, ბიომეცნიერება და კოსმოსური ინჟინერია.
ოქროს „წონა“ მარტო ტონებით არ იზომება
დედამიწაზე არსებული ოქროს მოცულობა არც ისე დიდია, როცა საქმე ფიზიკურ მასას ეხება, თუმცა მისი ღირებულება გრამებისა და კილოგრამის საზღვრებს სცილდება. ეს ლითონი საუკუნეებია, რაც სახელმწიფოთა ხაზინების სტაბილურობას უზრუნველყოფს, ინვესტორებისთვის კი სანდოობის სიმბოლოდ იქცა.
დღეს ოქრო არა მხოლოდ ბეჭედში ან ზოდშია მოქცეული – ის იმ ელექტრონულ ჩიპებშია, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას მართავს. რაც მეტად ტექნოლოგიურდება სამყარო, მით მეტი წილი ეკისრება ოქროს ახალ ფუნქციებს – ენერგოეფექტურ მოწყობილობებში, კოსმოსურ მისიებში, განათებული ეკრანების უკან.
მაგრამ ფაქტია: ოქროს მარაგი ამოწურვადია. ის, რაც ბუნებაში რჩება, სულ უფრო ძნელად მოსაპოვებელია. შესაბამისად, წინ გველის მნიშვნელოვანი დისკუსია – როგორ უნდა შენარჩუნდეს ამ რესურსის ღირებულება, ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა.
შეიძლება ითქვას, რომ ოქრო დღესაც ისეთივე ძვირფასია, როგორც ფარაონების ეპოქაში – ოღონდ ახლა ის უკვე არა მხოლოდ სიმდიდრის, არამედ პროგრესისა და ცოდნის სიმბოლოდაც გვევლინება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები