მსოფლიოnews

ევროპის მხურვალე ზაფხული: 1500-მდე დაღუპული ათ დღეში და უარესის მოლოდინი

სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობა მზარდია მთელი ევროპის მასშტაბით - ოფიციალური უწყებები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

2025 წლის ივლისი შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თვედ იქცეს ევროპაში ამინდის ცვლილებების ისტორიაში. მხოლოდ ბოლო ათ დღეში, ოფიციალური და სამედიცინო წყაროების თანახმად, ევროპის ხუთ ქვეყანაში რეკორდულმა სიცხემ 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სპეციალისტები ამას კლიმატური კრიზისის პირდაპირ შედეგად აფასებენ და კიდევ უფრო მძიმე ზაფხულს პროგნოზირებენ.

უარყოფითი რეკორდები სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში

სამხრეთ ევროპაში, განსაკუთრებით ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და სამხრეთ საფრანგეთში, ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს ხშირად აჭარბებს. სიცხის ყველაზე მწვავე ტალღა პიველიდან 9 ივლისამდე დაფიქსირდა – ამ პერიოდში ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღუპებოდა სიცხით გამოწვეული დეჰიდრატაციისა და სითბური დარტყმების შედეგად.

იტალიაში, მხოლოდ 7ი-დან 9 ივლისის შუალედში ოფიციალურად დადასტურდა 478 სიკვდილი, რომლებიც სიცხეს უკავშირდება. ქვეყნის ჯანდაცვის ინსტიტუტმა (ISS) განაცხადა, რომ „ასაკოვანი მოსახლეობა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან“. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, რომსა და ბარიში, „განგაშის წითელი “ დონე გამოცხადდა, რაც მოსახლეობისთვის სახლში დარჩენისა და გაუწყლოების თავიდან არიდების მოწოდებებს მოიცავს.

ესპანეთში, ანდალუსიისა და ექსტრემადურის რეგიონებში, ტემპერატურა 44-46 გრადუსს აღწევდა. ოფიციალური მონაცემებით, სიცხეს აქ 360-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის იყვნენ როგორც ხანდაზმულები, ისე ახალგაზრდა მუშები, რომლებიც ღია ცის ქვეშ მუშაობდნენ.

ჩრდილოეთ ევროპაც აღარ არის დაცული

სიცხის ზონა უკვე გავრცელდა ჩრდილოეთით – გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში, სადაც ტრადიციულად ზომიერი კლიმატია. ბერლინში 8 ივლისს პირველად დაფიქსირდა 40 გრადუსამდე ტემპერატურა. გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ბავარიის მიწაზე ბოლო კვირაში სიცხის გამო 120 ადამიანი გარდაიცვალა.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრომ კი გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს მომდევნო წლებში კიდევ უფრო ხშირი და უფრო ცხელი ტალღებისთვის. „სიცხეა აღარ არის მხოლოდ სამხრეთის პრობლემა“, – აღნიშნავენ ექსპერტები.

კლიმატოლოგები: მომავალში მდგომარეობა გაუარესდება

გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და ევროკავშირის კლიმატოლოგების ერთობლივი ანალიზით, 2025 წელი ევროპისთვის შესაძლოა ყველაზე ცხელი წლად იქცეს მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ევროპაში სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობა 30%-ზე მეტით გაიზარდა.

კლიმატოლოგების თქმით, რეკორდული ტემპერატურები ახლა უკვე ახალი ნორმაა. თუ სასწრაფოდ არ განხორციელდა მოქმედება, არა მხოლოდ სიცხის ტალღები გახშირდება, არამედ მათი ხანგრძლივობა და ინტენსივობაც საგრძნობლად მოიმატებს.

მათივე შეფასებით, მსგავსი ტემპერატურული პირობები 10-15 წლის წინ გამონაკლისად მიიჩნეოდა, ახლა კი ისინი თითქმის ყოველწლიურად მეორდება და ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას – განსაკუთრებით ჯანმრთელობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ჯანდაცვის სისტემები გადატვირთვის ზღვარზე

ევროპის მასშტაბით გადატვირთულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემები. პარიზის საავადმყოფოების ქსელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიცხისგან დაზარალებული პაციენტების რაოდენობამ 2022 წლის „მწველი ზაფხულის“ პიკსაც კი გადააჭარბა.

ნიდერლანდების მედია კი წერს, რომ ამსტერდამის სასწრაფო დახმარების ოპერატორები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეწყვიტათ არასასიცოცხლო გამოძახებებზე რეაგირება.

მზადება მომავლისთვის – დაყოვნება აღარ შეიძლება

ევროკომისიის რეკომენდაციით, წევრ ქვეყნებს სთხოვენ განაახლონ თავიანთი კლიმატური და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტრატეგიები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის გაგრილების სისტემები, ურბანული მწვანე ზონების გაფართოება და მოსახლეობის ინფორმირების სქემები.

„კლიმატის ცვლილება უკვე კლავს. გლობალური პოლიტიკის გარეშე ეს ტენდენცია გამწვავდება. ახლა მოქმედების დროა – არამარტო გლობალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე“, – ნათქვამია UNEP-ის ანგარიშში.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close