
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.
შეხვედრა MetLife Stadium-ზე (ისტ-რეზერფორდი, ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ) გაიმართა. „პსჟ-ის“ ფეხბურთელებმა შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყეს და მალევე მიაღწიეს შედეგს – მე-6 წუთზე უსმან დემბელემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და დამატებაზე ფაბიან რუისმა გაიტანა, პირველ გოლს სამ წუთში მეორე მოჰყვა, რომელიც ამჯერად თავად დემბელემ გაიტანა. 24-ე წუთზე კი რუისმა დუბლი შეასრულა და „პსჟ“ 3:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმი პარიზელთა სამბურთიანი უპირატესობით დასრულდა.
„რეალს“ არც მეორე ტაიმში უჩვენებია სამეფო კლუბისთვის შესაფერისი თამაში, „პსჟ“ კი, რომელსაც სოლიდური „მატერიალური“ და ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდა, უკვე ფინალზე ფიქრობდა და ძალებს ზოგავდა. ლუის ენრიკემაც „ფინალის თადარიგი“ დაიჭირა და რამდენიმე მოთამაშე შეცვალა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია (59-ე წუთზე), რომელმაც რამდენჯერმე სცადა გოლის გატანა, თუმცა უშედეგოდ.
88-ე წუთზე გონსალო რამოშმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა „რეალის“ კარში და შეხვედრა „პარიზელებმა“ საბოლოოდ მშრალი ანგარიშით – 4:0 მოიგეს.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „პსჟ“ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. შეხვედრა კვირას, 13 ივლისს ისევ MetLife Stadium-ზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე გავა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები