იტალიაში, ბერგამოს აეროპორტში კაცი თვითმფრინავის ძრავამ შეითრია – რა ვერსიები ვრცელდება

იტალიაში 35 წლის მამაკაცი თვითმფრინავის ძრავამ შეითრია და დაიღუპა. ტრაგედია ბერგამოში, Orio al Serio-ს აეროპორტში მოხდა სამშაბათს, 8 ივლისის დილით.
თვითმფრინავი, რომელიც ესპანეთის ქალაქ ასტურიასში უნდა გაფრენილიყო. შემთხვევის შედეგად ფრენები შეჩერდა, თუმცა შუადღისას ისევ განახლდა.
როგორც გაზეთი Corriere della Sera იტყობინება, მამაკაცი არც აეროპორტის თანამშრომელი ყოფილა და არც მგზავრი. ვარაუდობენ, რომ მან ბარგის მიღების ზონაში ერთ-ერთი კარი ძალის გამოყენებით გააღო, შემდეგ ასაფრენ ბილიკზე გავიდა და ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს შეუვარდა, რის შემდეგაც ის ძრავამ შეითრია.
Flightradar24-ის მონაცემებით, უბედურ შემთხვევამდე თვითმფრინავი მხოლოდ 1 წუთი და 55 წამი მოძრაობდა.
ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც გაზეთი Fatto Quotidiano წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, მამაკაცს პოლიცია მისდევდა. თვითმფრინავი Airbus A319 აფრენისთვის ემზადებოდა, როდესაც კაცი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე შევარდა. ამ გზით ის მიმალვას ცდილობდა.
საღამოს კი Fatto Quotidiano-მ გაარკვია, რომ დაღუპული მამაკაცი იყო ანდრეა რუსო, რომელიც კალჩინატეში დაიბადა, ბერგამოს აეროპორტიდან 15 კმ-ის დაშორებით. მას რთული ახალგაზრდობა ჰქონდა. როგორც გამოცემა წერს, იგი Orio al Serio-ს აეროპორტში თავისი წითელი Fiat 500-ით მივიდა, მანქანა სადგომზე გააჩერა და ჩამოფრენის ზონაში შევიდა, თითქოს ვიღაცას ელოდებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არავის ელოდებოდა. მოულოდნელად რუსო გვერდით კარში შევარდა, პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე გაიჭრა და ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს შეუვარდა. დაცვის თანამშრომლები მამაკაცს დაედევნნენ, თუმცა მისი შეჩერება ვერ მოასწრეს.
ბერგამოს პროკურორის, მაურიციო რომანელის განცხადებით, გამოძიება იკვლევს ახალგაზრდა კაცის კავშირს აეროპორტთან ან საავიაციო დარგთან. „მის მანქანაში, რომელიც სავსე იყო ათასგვარი ნივთით, ვერაფერი ვიპოვეთ ისეთი, რაც სიტუაციას ნათელს მოჰფენდა“, – განაცხადა რომანელიმ.
გამომძიებელთა წინასწარი ვარაუდით, ყველაზე სარწმუნო ვერსია არის თვითმკვლელობის აქტი, თუმცა მრავალ კითხვას შორის, რომელთაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს, არის ერთიც – რატომ აირჩია ანდრეა რუსომ აეროპორტის ასაფრენი ბილიკი.
ნანა ძნელაძე
დაკავშირებულ თემაზე: მამაკაცთა თვითმკვლელობა: როგორ ავიცილოთ თავიდან და დავეხმაროთ ახლობლებს (ვიდეო)
კომენტარები