ევროპაში შედარებით აგრილდა, თუმცა ტყის ხანძრები ისევ მძვინვარებს: ეპიცენტრი მარსელია – მეტეოროლოგების პროგნოზი (ვიდეო)

ძლიერი სიცხის შემდეგ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონში აგრილდა, თუმცა საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. მეტეოროლოგების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სითბურმა ტალღამ დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა, ძლიერი სიცხეების რისკი ჯერ კიდევ არსებობს.
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში გაჩენილი ხანძარი მარსელს მიუახლოვდა. ამასთან, მარსელის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კვამლის სუნი ქალაქის ცენტრშიც იგრძნობა, ხოლო ქალაქის ნაწილი კვამლშია გახვეული.
ხანძრის გამო მარსელში 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა მეხანძრეა. დაზიანებულია 10-ზე მეტი შენობა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს. მარსელის აეროპორტი დროებით დახურეს. ჯერ უცნობია, როდის განაახლებს აეროპორტი მუშაობას. ზოგიერთი თვითმფრინავი ქალაქ ნიცაში გადამისამართდა.
ფრანგული მედიის ცნობით, ძლიერი ხანძრის გამო მარსელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლე პენ-მირაბოდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
„ამ ეტაპზე მოსახლეობა უნდა დარჩეს სახლებში. დახურეთ კარი, ფანჯრები, მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, რომ თქვენი ქონება საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებისთვის, არ გადაადგილდეთ გზებზე“, – ნათქვამია პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი სანაპიროს პრეფექტურის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საფრანგეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ სარკინიგზო ხაზებთან ახლოს გაჩენილი ხანძრების გამო მარსელიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.
ადგილობრივებმა ფრანგულ მედიას უთხრეს, რომ მოქალაქეების ნაწილი ქალაქის დატოვებას ცდილობს და ამიტომ, გზებზე დიდი საცობებია.
ფრანგული მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარსელის ჩრდილოეთ ნაწილში მთებში ძლიერი ხანძარია.
როგორც „ფრანს 24“ წერს, ხანძარი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ტყის ხანძარმა ამ დრომდე 700 ჰექტარი მოიცვა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 165-ზე მეტი მეხანძრე. მარსელსა და ახლომდებარე რეგიონებში 19 მაისის შემდეგ არ უწვიმია.
კატალონიაშიც ტყის ხანძარს ებრძვიან. შედეგად, ტარაგონის პროვინციაში, პაულსის მთებში უკვე 150 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა.
„როიტერის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მაშველები ხანძრის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მაშველებს რთული ღამე ელოდებათ, რადგან ძლიერი ქარია.
ხანძრის გამო ახლომდებარე ქალაქებში სახლებიდან გამოსვლა აკრძალულია. განხორციელდა პრევენციული ევაკუაციაც. სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 75 ბრიგადა მონაწილეობს, მათ შორის, 16 – საჰაერო. ძლიერ ქართან გასამკლავებლად ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სპეციალური თვითმფრინავებიც.
საბერძნეთის ტერიტორიაზე ტყის ხანძრის 41 კერას ებრძვიან.
ათენში ტემპერატურა კვლავ 40 გრადუსს აღემატება. ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო აკროპოლისის დაკეტვის გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით 13:00-იდან 17:00 საათამდე . როგორც მთავრობაში განმარტეს, ამ გადაწყვეტილების მიზანი აკროპოლისზე მომუშავე ადამიანებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
სტატისტიკის თანახმად, ყოველდღიურად აკროპოლისს ათიათასობით ადამიანი სტუმრობს, 2024 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი 4,5-მა მილიონმა ადამიანმა მოინახულა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები