მსოფლიოnewsსაზოგადოება

ცენტრალურ ტეხასში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, დაკარგულებს ისევ ეძებენ

ცენტრალურ ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 8 ივლისისთვის 100-ს გადააჭარბა, ორი ათეული ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამუშაოები – მათ შორის, ასობით მოხალისის მონაწილეობით – მეხუთე დღეა გრძელდება.

როგორც გუშინ, 7 ივნისს კერის ოლქის შერიფის, ლარი ლეიტის ოფისში განაცხადეს, მარტო ამ რეგიონში, რომელიც წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზარალა, 84 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 28 ბავშვი. კიდევ 17 ადამიანი სტიქიამ ცენტრალური ტეხასის სხვა რაიონებში იმსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ეძებენ Camp Mystic-ის ქრისტიანული ბანაკიდან დაკარგულ 11 ადამიანს – 10 გოგონას და მათ ხელმძღვანელს, რომელთა კვალი ჯერჯერობით არ ჩანს. მთლიანობაში მდინარე გვადელუპეს ნაპირზე მდებარე ამ ბანაკში კატასტროფის დროს 750 ბავშვი ისვენებდა, რომელთა უმეტესობა უსაფრთხოდ გამოიყვანეს სტიქიის ადგილიდან. ამ მომენტისთვის ცნობილია 27 დაღუპულის შესახებ, რომელთა შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მათი ხელმძღვანელები. მძინარე მოზარდები მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა.

Camp Mystic-ის ერთ-ერთი ქოხის ინტერიერი შაბათს, 4 ივლისს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ. Ronaldo Schemidt/AFP

მდინარე გვადელუპეს გასწვრივ ამ რაიონში, „სიენენის“ ცნობით, Camp Mystic-ის გარდა კიდევ 17 საზაფხულო ბანაკია განთავსებული.

ტეხასში კატასტროფული წყალდიდობა 4 ივლისს მოხდა, ამ დღეს ცენტრალურ ტეხასში ერთ დღეში მთელი თვის ნალექი მოვიდა, 300 ლიტრი ერთ კვადრატულ მეტრზე, რაც კერის ოლქის საშუალო წლიური ნორმის მესამედია. 4 ივლისის ღამეს მდინარე გვადელუპეში წყლის დონემ 45 წუთში 8 მეტრით მოიმატა. ამ დროს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულის გამო მდინარის ნაპირას ბევრი ადამიანი იყო გასული დასასვენებლად.

დაკარგულების ძებნის სამუშაოებში 100-ობით მაშველი და 17 ვერტმფრენი მონაწილეობს. აგრეთვე, მოხალისეები, მდინარეში ნავებით ეძებენ ცოცხლად გადარჩენილებს და დაღუპულთა ცხედრებს. აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურები ისევ პროგნოზირებენ ძლიერ უამინდობას, რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ართულებს.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტიქიის ადგილას 11 ივლისს ჩავა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close