იტალიაში ორი „ბავშვი-მოჩვენება“ იპოვეს

იტალიაში მაშველებმა შემთხვევით ორი „ბავშვი-მოჩვენება“ იპოვეს. ამის შესახებ Corriere della Sera იტყობინება. სამართალდამცველებმა ისინი აპრილში იპოვეს, მედიისთვის კი ახლა გახდა ცნობილი.
გამოცემის ინფორმაციით, ძმები გერმანიაში დაიბადნენ, შემდეგ კი მშობლებთან ერთად იტალიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ისინი სოფელ ლაურიანოსთან ახლოს (ტურინიდან 30 კილომეტრში) დასახლდნენ.
ბიჭები ახალ საცხოვრებელ ადგილას არ იყვნენ რეგისტრირებულნი, სკოლაში არ დადიოდნენ, ექიმთან არასდროს მისულან და მხოლოდ პრიმიტიულ ენაზე შეეძლოთ კომუნიკაცია. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ადგილას ბავშვები არასდროს შეუნიშნავთ.
„გერმანიაში დაბადებული ბავშვები იტალიაში ჩაიყვანეს და ტყეში დამალეს, სადაც მათ ვერავინ იპოვიდა. ამრიგად, ისინი ორ მოჩვენებად იქცნენ“, – აღნიშნულია სტატიაში.
ბავშვები მაშველებმა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც წყალდიდობის შესახებ გაფრთხილების ფონზე უკაცრიელ ადგილას, დანგრეულ ფერმაში მივიდნენ. მაშველებმა სახლი დაათვალიერეს და 6 და 9 წლის ორი ბიჭი იპოვეს, რომლებიც ძლივს ლაპარაკობდნენ და ასაკის მიუხედავად ჰიგიენურ საფენებს ატარებდნენ.
ოჯახის მამამ განმარტა, რომ ინფექციების, განსაკუთრებით კორონავირუსის შიშის გამო, ოჯახის იზოლირება გადაწყვიტა. ამასთან, იგი თავს ფანატიკოსად არ მიიჩნევს. მამაკაცის თქმით, მის ვაჟებს ყველაფერი ჰქონდათ, რაც საცხოვრებლად სჭირდებოდათ – სახლში ელექტროენერგია, სათამაშოები, საკვები და წყალი. თუმცა პოლიციელების ცნობით, ბავშვები ურთულეს პირობებში იყვნენ ისეთ ადგილას, სადაც არც ელექტროენერგია იყო და არც წყალმომარაგება.
ბავშვების დედა თითქმის არ მონაწილეობდა მათ აღზრდაში, ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მშობლის უფლებები ორივესთვის ჩამოერთმია.
ამავე თემაზე წერს Mirror-ი, რომლის ვერსიითაც, იტალიაში ნაპოვნი „ბავშვი-მოჩვენებები“ არა ძმები, არამედ და-ძმაა.
გამოცემას ბავშვების მამამ, სახელად ფრედერიკი, თავი ჰოლანდიელ მოქანდაკედ წარუდგინა და თქვა, რომ ფერმა სამი წლის წინ 120 000 ევროდ შეიძინა. მამაკაცმა განმარტა, რომ რემონტის გაკეთებას აპირებდა და წყალდიდობამდე სამი თვით ადრე გადმოვიდნენ ამ სახლში. 54 წლის კაცი აცხადებს, რომ ბავშვებზე ზრუნავდა და ყველაფერს გააკეთებს, რათა მეურვეობა დაიბრუნოს. გამოცემის ცნობით, ბავშვების 38 წლის დედა მაროკოული წარმოშობისაა.
„ბავშვი-მოჩვენებები“ ამჟამად სპეციალურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ადგილობრივმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გაშვილების პროცედურა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები