
ტეხასში წყალდიდობის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა კერის ოლქში (Kerr County), რამდენიმე ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან, რომლებიც საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
კერის ოლქის ადგილორბივი ხელისუფლების ხელმძღვანელის, რობ კელის თქმით, დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია: „ვცდილობთ იმ ადამიანების იდენტიფიცირებას“, რომლებიც „ძალიან დამანგრეველი და სასიკვდილო“ წყალდიდობის შედეგად დაიღუპნენ.
რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ, მისივე თქმით, იციან, რომ ზოგიერთი დაკარგულია, მაგრამ დანამდვილებით არ იციან, რამდენი.
კერის ოლქის ხელისუფლებამ მოუწოდა მაცხოვრებლებს, დარჩნენ სახლში, რათა საფრთხეში არ ჩაიგდონ თავი და, ასევე, ხელი არ შეუშალონ დაკარგულთა ძებნაში ჩართული მაშველების მუშაობას.
ტეხასის შტატის ქალაქ ჰანტში, კემპ მისტიკთან ახლოს, ზრდასრულების და ბავშვების გადასარჩენად და უსაფრთხო ადგილას გამოსაყვანად მობილიზებულია, სულ ცოტა, 14 ვერტმფრენი, 12 დრონი და სხვადასხვა დანაყოფის 500-ზე მეტი მაშველი, – განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა დენ პატრიკმა. მისივე თქმით, 20-მდე ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილად დაიკარგნენ, შესაძლოა, ზოგიერთი ხეზეა, შეიძლება კავშირზე ვერ გამოდიან“, – თქვა მან.
ბანაკში 750-მდე ბავშვი იმყოფებოდა, ისინი მასწავლებლებთან ერთად ვერტმფრენით გამოჰყავთ და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ.
სამხრეთ-ცენტრალურ ტეხასში პარასკევს, 4 ივლისს დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა (სხვადასხვა ცნობით, სხვადასხვა ადგილას – 8-15 დუიმი/20-38 სმ), რამაც ბევრგან საგანგებო სიტუაცია შექმნა მოულოდნელი ძლიერი წყალდიდობების გამო.
დღისით ისევ წვიმდა, თუმცა ძლიერი წვიმა ნელ-ნელა დაცხრა. მეტეოროლოგთა პროგნოზით, საღამომდე ცენტრალური ტეხასის რამდენიმე რაიონში მცირე ან ზომიერი წვიმა გაგრძელდება, განსაკუთრებით კერვილიდან ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით.
ნინო ხოშტარია
კომენტარები