ვიდეოტექნოლოგიები

ტანსაცმლის ვირტუალურად მოსინჯვა უკვე შესაძლებელია (ვიდეო)

Google-მა გამოუშვა ახალი აპლიკაცია Doppl ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ვირტუალურად მოისინჯონ ტანსაცმელი – მხოლოდ ერთი ფოტო, რამდენიმე წუთი და ხელოვნური ინტელექტი გაჩვენებთ, როგორ მოგერგებათ ნებისმიერი სამოსი. ალგორითმი ტანსაცმლის ადაპტაციას თქვენი სხეულის ტიპის, კანის ფერისა და პოზის შესაბამისად ახდენს.

Google-ის განმარტებით, Doppl-ი მსგავსი ფუნქციის Google Shopping-ის შესაძლებლობებს ეფუძნება, რომელიც მომხმარებელს სამოსის მოსინჯვას სხვადასხვა ტიპის სხეულის მქონე მოდელებზე სთავაზობდა. ახლა მომხმარებლები ტანსაცმელს პირდაპირ საკუთარ „ციფრულ ორეულზე“ მოისინჯავენ.

Google-ის ცნობით, ფუნქცია დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმზე, რომელიც აანალიზებს 200-ზე მეტ პარამეტრს, მათ შორის, სხეულის პროპორციებს, პოზას და ქსოვილის მახასიათებლებს. ადამიანის სხეულსა და ტანსაცმელს შორის ურთიერთობის დასანახად „გაწვრთნილ“ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სხვადასხვა ტიპის სხეულისთვის რეალისტურ პარამეტრებში გაჭიმოს ან  შეკუმშოს შერჩეული მოდელი.

როგორ მუშაობს ფუნქცია

ფუნქცია აშშ-ში ხელმისაწვდომია Google Search Labs-ის მეშვეობით. მის გამოსაყენებლად Search Labs-ში უნდა ატვირთოთ თქვენი სრული ზომის ფოტო. შეცდომის გამოსარიცხად ფოტო გადაიღეთ კარგ განათებაში და მაღალი რეზოლუციით. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ტანსაცმლის ძებნა და „გამოცდა“ Google Shopping-ის ჩანართში.

ფუნქცია ასე მუშაობს: მომხმარებელმა უნდა დააწკაპუნოს სამოსის ფოტოზე Shopping-ის ძიების შედეგებიდან. შერჩეული სამოსის გადიდებული ვერსიის შუაში, მარჯვენა პანელზე შეამჩნევთ პატარა ღილაკს მოსინჯვისთვის – try on. ერთი დაწკაპუნებით, დაახლოებით ათ წამში, მომხმარებელი დაინახავს საკუთარ თავს არჩეულ ტანსაცმელში.

ფუნქციას მოკლე ვიდეოების გენერირებაც შეუძლია, რომ მომხმარებელს აჩვენოს, როგორ გამოიყურება ტანსაცმელი მოძრაობაში.

ასევე, შესაძლებელია სამოსის ყველა მოსინჯვის შენახვა და სხვებისთვის გაზიარება.

რა შეგიძლიათ მოისინჯოთ

ამ ეტაპზე შეგიძლიათ მოისინჯოთ ზედა ტანსაცმლი  –  ქურთუკები, პალტოები, კაბები და ქვედაბოლოები. ასევე, შეგიძლიათ ვირტუალურად ჩაიცვათ პერანგები და შარვლები. სისტემა ჯერჯერობით „ვერ მოგარგებთ“ კოსტიუმებს და საცურაო სამოსს.

გასათვალისწინებელია, რომ ახალი ალგორითმის „მოქმედების არეალში“ მხოლოდ იმ ბრენდებისა და მოვაჭრეების ტანსაცმელია, რომლებიც უკვე შეუერთდნენ Google-ის პროგრამას.

კომპანია ხაზს უსვამს, რომ Doppl-ი არის Google Labs-ის ექსპერიმენტი, ამიტომ შედეგები შესაძლოა ყოველთვის ზუსტი არ იყოს, ხოლო დეტალები რეალობისგან განსხვავდებოდეს. თანაც ის ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ია ხელმისაწვდომი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close