საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კეთილდღეობის ინდექსი გაიზარდა, თავისუფლების ინდექსი კი შემცირდა – „ატლანტიკური საბჭოს“ ახალი ანგარიში

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი და მისი დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 2024 წელს ისტორიული მაქსიმუმი – 75.5% დააფიქსირა, რითაც მსოფლიოს 164 ქვეყანას შორის 47-ე პოზიცია დაიკავა.

ორგანიზაციის შეფასებით, 2001-2024 წლების პერიოდში მსოფლიოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა საშუალოდ 7,5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ევროპაში კეთილდღეობის ინდექსის მატებამ 6,7 პუნქტი შეადგინა, ევროკავშირში კი – 5,5. რაც შეეხება საქართველოს, ამავე პერიოდში საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაჩვენებელი 17 პუნქტით არის გაზრდილი და კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესებით ქვეყანა საუკეთესო სამეულში მოხვდა. ამასთან, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესის მიხედვით. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელიწადში საქართველოში კეთილდღეობის ინდექსი 8,8 პუნქტით გაუმჯობესდა და ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 23 ადგილით დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რპმ კეთილდღეობის ინდექსის ყველაზე დაბალი ზრდა აქვთ ცხოვრების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნებს – მაგ., ნორვეგიაში, რომელიც კეთილდღეობის ინდექსით პირველ ადგილზეა მსოფლიოში, ეს მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში მცირედით შეიცვალა, 1995 წლის 87,5-იდან – 2024 წლის 91.6-ამდე (ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინდექსი იყო 91.8 – 2019 წელს).

დღეს საქართველო კეთილდღეობის ინდექსის (47) რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელს, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ნატოს და ევროკავშირის წევრს 5 სახელმწიფოს: თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის წევრ ბულგარეთსაც. საქართველოს მინიჭებული აქვს „ზომიერი კეთილდღეობის“ მქონე ქვეყნის სტატუსი და მსოფლიო რეიტინგში სამომავლოდ მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება სჭირდება, რომ „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღოს.

თუ კეთილდღეობის ინდექსით საქართველო 2024 წელს დაწინაურდა, „ატლანტიკური საბჭოს“ ამავე ანგარიშის თანახმად, თავისუფლების ინდექსით დაქვეითდა: 2023 წელს საქართველოში თავისუფლების ინდექსი „ატლანტიკურმა საბჭომ“ 73.3 პუნქტით შეაფასა, ხოლო 2024 წელს – 66.7-ით („ზომიერი თავისუფლება“). ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ. თავისუფლების ინდექსი ყველაზე მაღალი – 73.3 – საქართველოში 2018 წელს იყო.

საქართველო თავისუფლების ინდექსის 2024 წლის მაჩვენებლით (66,7 ქულა) 164 ქვეყანას შორის 75-ე ადგილზეა („ზომიერი თავისუფლება“) და ჩამორჩება მეზობელ სომხეთს, რომელიც 68,3 ქულით 68-ე ადგილს იკავებს. კიდევ ერთი მეზობელი – აზერბაიჯანი კი 46,6 ქულით 132-ე ადგილზეა („დაბალი თავისუფლება“). შეფასება – „დაბალი თავისუფლება“ 83-ე პოზიციიდან იწყება.

თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების გამოთვლას „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და მაჩვენებლები, ძირითადად, ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენისა“ და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close