რობინ დანიგანი: „როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი საქართველოში დარჩება, არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას“

„როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი საქართველოში დარჩება, არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა ელჩმა რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„დღეს აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 249-ე წლისთავს. ყოველ წელს, 4 ივლისს ამერიკელები ვიკრიბებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის დრო, როდესაც ვცდილობთ, გავიაზროთ, რას ნიშნავს, იყო ამერიკელი და რას ნიშნავს, სარგებლობდე დემოკრატიის ფუნდამენტური თავისუფლებებით. წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ, უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი. მჯერა, რომ ისტორიის ეს მომენტი დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლებების და მომავალი თაობებისადმი ჩვენი ვალდებულების ღრმად გააზრებას მოითხოვს. ვფიქრობ, დემოკრატიის აყვავებისთვის სამი არსებითი ელემენტია საჭირო – დაპირება, ვალდებულება და ოპტიმიზმი. მსურს, თითოეულ მათგანს მოკლედ შევეხო.
პირველი – დაპირება. დაარსებიდან დღემდე აშშ-მა გრძელი გზა განვლო. ისტორიის განმავლობაში გვქონდა გამოწვევები, რთული მომენტები, ასევე, სიამაყით, სიხარულითა და გამარჯვებით აღსავსე დღეები, მაგრამ ამ ისტორიულ ტალღებში ერთ რამეს ყოველთვის ვუბრუნდებოდით: საერთო დაპირებას, რომელიც გვაერთიანებს. დაპირება იმისა, რომ როდესაც თავისუფალ ხალხს ეძლევა უფლება, ისაუბროს, იმსჯელოს, ილოცოს და ხმა მისცეს, საერთო სიკეთე იმარჯვებს. დაპირება, რომ თითოეული თაობა გააძლიერებს აშშ-ს, რათა უკეთესი ქვეყანა და მომავალი დავუტოვოთ ჩვენს შვილებს. მჯერა, დემოკრატიის დაპირება ერთ-ერთი იმ მტკიცე კავშირთაგანია, რაც ამერიკელებსა და ქართველებს გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ აშშ იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს.
ჩემი აქ ყოფნის დროს ვნახე უამრავი ქართველის დიდი ძალისხმევა დემოკრატიის დაპირების შესასრულებლად. მე ვნახე რელიგიის თავისუფლება თბილისის გულში, სადაც ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების მშვიდობიანი თანაარსებობა ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთებისა და შემწყნარებლობის მკაფიო გამოხატულებაა. მსმენია ზოგიერთისგან, თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სახელია, თუმცა ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკელები და ქართველები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჭეშმარიტი პარტნიორები არიან დემოკრატიისკენ სწრაფვაში. მე შევხვდი ათასობით ქართველს, რომლებმაც მითხრეს, როგორ დაეხმარა მათ აშშ-საქართველოს პარტნიორობა. ფერმერები, მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები, ბიზნესმენები – ყველა მათგანი მეუბნებოდა, ამერიკასთან თანამშრომლობამ როგორ შეცვალა მათი ცხოვრება უკეთესისკენ.
2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები აქ იყო. რუსული ტანკები როდესაც უკან იხევდნენ, ამერიკელი ინჟინრები, ამერიკული ტრაქტორები და საკვები დახმარება უკვე მოდიოდა, რადგან სწორედ ასე იქცევიან მეგობრები დემოკრატიებში. მე შევხვდი უამრავ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, სამედიცინო მკვლევარსა თუ სამართალდამცავს, რომლებიც ამერიკელ კოლეგებზე საუბრობენ, როგორც თავიანთ ძმებსა და დებზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ ქართველებისა და ამერიკელების ცხოვრება, რათა ორივე ქვეყანამ შეასრულოს დემოკრატიის დაპირება.
4 ივლისი ასევე არის დღე, როდესაც ამერიკელები ვფიქრობთ იმ უზარმაზარ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არის გაღებული. დღე, როდესაც ვიხსენებთ, რომ თავისუფლება თავისთავად არ მოდის. ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენს ვალდებულებაზე მომავალი თაობების წინაშე, რაც მაძლევს საშუალებას, გადავიდე დემოკრატიის მეორე მნიშვნელოვან პრინციპზე – ვალდებულებაზე. თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ჩვენმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის. ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. და ასევე, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც „რადიკალებად“ იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან.
როგორც ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: „თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით, ასევე, ვერ მოიპოვებთ მას თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ის, ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“. ჩვენ, ვინც დემოკრატიის თავისუფლებებით ვსარგებლობთ, არასდროს უნდა მივიღოთ ის, როგორც თავისთავადი მოცემულობა. ყოველთვის გავწიოთ ძალისხმევა იმ თავისუფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ჯონ ფ. კენედის სიტყვებით: „თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე. ეს იყო ფასი გუშინ, არის დღეს და ასე იქნება მუდამ“.
დასასრულ მსურს, შევეხო იმას, რაც დემოკრატიის სასიცოცხლო ძარღვია – ოპტიმიზმი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ აშშ-ში და აქ, საქართველოში. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებისა, დავიცვათ იგი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ აშშ-ში და საქართველოში ბევრი ადამიანი ემსახურება თავის ქვეყანას. ასევე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია. ამერიკელი და ქართველი მომავალი თაობისგან მუდმივად ვიღებ შთაგონებას. ისინი მაძლევენ ოპტიმიზმს ჩვენი მომავლის და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მომავლის მიმართ. ვსაუბრობთ რა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე, მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს საოცარ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ აშშ-სა და საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის, დღევანდელი ზეიმის ორგანიზებისთვის.
ასევე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს USAID-ის გუნდს და მადლიერებით აღვნიშნო თქვენი დანატოვარი ამ ქვეყანაში. ბოლოს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ ჩვენს სპონსორებსაც სჯერათ ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ძალის. როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, მე და ჩემმა მეუღლემ, ჰარიმ, 33-წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ გადავწყვიტეთ კარიერის დასრულება და ამ თვის ბოლოს დავტოვებთ ამ საოცარ ქვეყანას.
იმ დღიდან, რაც საქართველოში ჩამოვედით, ქართველებმა გაგვიღეს თავიანთი გულების და სახლების კარი, გვაგრძნობინეს, რომ ჩვენც ქართული ოჯახის ნაწილი ვართ. მადლობა ყველას მეგობრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები და როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას. გაუმარჯოს დემოკრატიის დაპირების ძალას, ჩვენს ვალდებულებას მის დასაცავად და ჩვენს ოპტიმიზმს, რომ წარმატებას მივაღწევთ!“ – განაცხადა რობინ დანიგანმა.
აშშ-ის მოქმედმა ელჩმა მადლობა გადაუხადა გორის გოგონათა გუნდს და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ბენდს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებს.
აშშ-ის საელჩოში გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე; აგრეთვე, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ზალკალიანი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი „ფედერალისტებიდან“.
მიმდინარე წლის 5 ივნისს ამერიკის საელჩომ საქართველოში გაავრცელა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის – რობინ დანიგანის განცხადება, რომ იგი თანამდებობას ტოვებდა.
რობინ დანიგანი აშშ-ის ელჩის თანამდებობას ტოვებს და აცხადებს, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა
კომენტარები