მსოფლიოპოლიტიკა

The Telegraph: მეძავები, პორნოვარსკვლავი და ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი – ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კორუფციულ სკანდალში გაეხვია

The Telegraph-ი ესპანეთში განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც მმართველ სოციალისტური პარტიასთან (PSOE) დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალზე წერს. გამოცემის ცნობით, სკანდალში ფიგურირებენ მეძავები, ღამის კლუბის დაცვის ყოფილი თანამშრომელი და პორნოვარსკვლავი; საუბარია, აგრეთვე, სახელმწიფო კონტრაქტებსა და ფარულ აუდიოჩანაწერებზე. სტატიაში შეფასებულია ის რისკები, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მმართველობას ემუქრება. 

„ევროპის ყველაზე გავლენიანი მემარცხენე ლიდერი მშვენივრად აღიქვამს რისკებს და თავისი მოწყვლადი მდგომარეობის ირონიას. სანჩესი ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა, როდესაც მაშინდელ მმართველ პარტიაში კორუფციული სკანდალის გამოყენებით თავისი წინამორბედი, კონსერვატორი მარიანო რახოი დაამარცხა. ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ რახოის „ეროვნული პარტია“ ინსტიტუციურ კორუფციაში ცნო დამნაშავედ.

სანჩესი ხალხს „დემოკრატიული განახლების“ ახალ ხანას დაჰპირდა და შეკრიბა კოალიცია კომუნისტების, სეპარატისტებისა და ყოფილი ტერორისტული ორგანიზაციის – ETA-ს პოლიტიკური ფრთის მონაწილეობით.

მას შემდეგ სანჩესის გავლენა მთავრობაზე არ შემცირებულა – ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის, ვალენსიაში სასიკვდილო წყალდიდობისა და მის ოჯახთან დაკავშირებული სკანდალების მიუხედავად“, – წერს The Telegraph-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ესპანური პოლიტიკის ღრმა პოლარიზაციის გამო ამ სკანდალებმა სანჩესს თანამდებობა ვერ დააკარგვინა, რადგან არსებობს შიში, რომ რომელიმე ძალის კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში ძალაუფლებას მემარჯვენე ძალები ჩაიგდებენ ხელში, მაგრამ გასული კვირების განმავლობაში სანჩესის სოციალისტური პარტია რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

როდესაც პრემიერ-მინისტრი ოთხშაბათს კონგრესში ოპოზიციას ეკამათებოდა, ვიცე-პრემიერმა და მემარცხენე პარტია „სუმარის“ ლიდერმა იოლანდა დიასმა თავის მინისტრებთან ერთად მათთვის განკუთვნილი ადგილები დემონსტრაციულად დატოვეს. გამოცემის შეფასებით, ეს იმის სიგნალია, რომ პარტია PSOE-ს კადრებისადმი ყურადღების გამო შექმნილ წნეხს თავისი შედეგები მოაქვს.

ამასთან, გასულ კვირას პარტიული მდივნის თანამდებობა დატოვა სანტოს სერდანმა – სანჩესის დიდი ხნის მოკავშირემ, რადგან ესპანეთის პოლიციის ანგარიშში გამოთქმული ვარაუდით, ის ნავარაში სახელმწიფო კონტრაქტების ხელმისაწვდომობის სანაცვლოდ კომპანიებს ფულს სძალავდა.

სანჩესს საჯაროდ მოუწია ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ სერდანში „შეცდა“.

მეტიც, გასულ წელს პოლიციამ დაიწყო გამოძიება მის კიდევ ერთ ნავარელ მოკავშირესთან – კოლდო გარსიასთან დაკავშირებით, რომელიც წარსულში ღამის კლუბის დაცვაში და მძღოლად მუშაობდა, შემდეგ კი პოლიტიკური კარიერა აიწყო და ტრანსპორტის მინისტრის, ხოსე ლუის აბალოსის საკვანძო თანაშემწე გახდა.

თავად აბალოსს სასამართლო სამინისტროში მუშაობისას 2018-2021 წლებში ე. წ. ატკატის [kickback] სახით ასობით ათასი ევროს მიღებას ედავება. აბალოსი სოციალისტური პარტიის მდივნის თანამდებობასაც იკავებდა, სანამ სანჩესმა 2021 წელს არ გაათავისუფლა, თუმცა პრემიერ-მინისტრი აღნიშნავდა, რომ სერდანის გარშემო აგორებული სკანდალი მხოლოდ უმნიშვნელო ეპიზოდი და „ანეკდოტია“.

ფარულ აუდიოჩანაწერებში, რომლებიც გამოძიებას დაედო საფუძვლად, სანჩესის ყოფილი მოკავშირეები სექს-მუშაკების „უნარებს“ განიხილავენ, რაც სანჩესის რეპუტაციისთვის მორიგი დარტყმა გახდა, რადგან პრემიერმა სექსიზმთან ბრძოლა თავისი პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტად აქცია და ფემინისტური დღის წესრიგის პოპულარიზაციით იყო დაკავებული.

„ეს ჩვენში ზიზღს იწვევს. სექსუალურად დამამცირებელი გამონათქვამები, რომლებიც იმ ჩანაწერებშია გამოყენებული, აბსოლუტურად შეუთავსებელია ჩვენი პარტიის ფემინისტურ ღირებულებებთან“, – განაცხადა სანჩესმა კონგრესში გამოსვლისას.

ესპანეთის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ The Telegraph-ს აცნობა, რომ სანჩესმა აბალოსი თანამდებობიდან გამოძიების დაწყებამდე მისი „მეძავებისადმი ლტოლვის“ გამო გაათავისუფლა. პოლიცია აბალოსის სახლში ჩხრეკაზე ივნისში, დილაადრიან მივიდა და მინისტრი 32 წლის ქალთან ერთად აღმოაჩინა. მოგვიანებით ადგილობრივმა გაზეთმა დაადგინა, რომ ეს პორნოვარსკვლავი ლეტისია ჰილტონი იყო. არსებული ინფორმაციით, აბალოსმა მისი დახმარებით სახლიდან მყარი დისკის გატანა სცადა, როცა პოლიციამ ქალს ძაღლის გასეირნების ნება მისცა.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, სავარაუდოდ, მათი ავტორი კოლდო გარსიაა. ახლა პოლიცია მეხსიერების 4 ბარათზე არსებულ ფაილებს იკვლევს და ასევე დამატებით ჩანაწერებს, რომელთა წაშლაც გარსიამ წარუმატებლად სცადა.

პოლიციასთან დაახლოებულმა წყაროებმა The Telegraph-ს აცნობეს, რომ გამოძიებაში, სულ ცოტა, კიდევ ერთი მინისტრი ფიგურირებს.

„სანჩესი ამტკიცებს, რომ სოციალისტური პარტია კორუმპირებული სტრუქტურა არ არის და პარტიული ფინანსების გარე აუდიტის ჩატარების ბრძანება გასცა. სახალხო პარტიიდან წყარომ The Telegraph-ს აცნობა, რომ მისი ლიდერი ალბერტო ნუნიეს ფეიჰო ახლა დარწმუნებულია: სანჩესის თანამდებობიდან წასვლა დროის საკითხია“.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება აუდიოჩანაწერების გაჟონვის შემდეგ ტალღაზე და იმაზე, შეძლებენ თუ არა გამომძიებლები სერდანის „ფარული შეთანხმებების“ პარტიის დაფინანსებასთან პირდაპირი კავშირის დამტკიცებას“, – წერს გამოცემა.

imedinews.ge

დაკავშირებულ თემაზე: ყველაზე დიდი ენერგოკოლაფსი ესპანეთსა და პორტუგალიაში – რამ გამოიწვია ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა (ვიდეო)

ახალი კორუფციული სკანდალი ესპანეთში – პოლიცია მმართველი სოციალისტური პარტიის შტაბბინაში შევიდა

ვალენსიაში ხალხმა ტალახი ესროლა მეფე ფელიპე VI-ს და პრემიერ-მინისტრ სანჩესს (ვიდეო)

ვალენსიაში ხალხმა ტალახი ესროლა მეფე ფელიპე VI-ს და პრემიერ-მინისტრ სანჩესს (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close