ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ, რას წერს მსოფლიო პრესა და როგორი რეაქცია ჰქონდა მის შვილს მამის გამარჯვებაზე (ვიდეო)

თოფურიამ ოლივეირასთან გამარჯვებით რეკორდი დაამყარა - იგი UFC-ის ორი დივიზიონის პირველი დაუმარცხებელი ჩემპიონია

28 ივნისს ლას-ვეგასში, UFC 317-ზე, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში, 2:27-ე წუთზე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის – ქვემსუბუქი (65 კგ) და მსუბუქი წონის (70 კგ) ჩემპიონია.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის ბრაზილიელს UFC-ის მებრძოლებს შორის ყველაზე მეტი, 35 გამარჯვება აქვს კარიერაში.

UFC-ზე გამარჯვება, ტიტულთან ერთად, სოლიდურ შემოსავლებთანაც ასოცირდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი ჰონორარი, $3.5 მილიონი დოლარი, სწორედ ქართველმა ჩემპიონმა აიღო.

MMA-ს სპორტსმენების შემოსავლები როგორც საბაზო ჰონორარზე, ისე სასპონსორო ბონუსებზე და საუკეთესო შესრულებისთვის ბონუსის ოდენობაზეა დამოკიდებული. ამასთანავე, თანხას ემატება PPV (pay-per-view) – სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტული წილი.

ილიას შემთხვევაში თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • საბაზო ჰონორარი – $750 000
  • ბონუსი – $50 000
  • PPV-დან აღებული შემოსავალი – დაახლოებით $2.7 მლნ

ილიამ ამ გამარჯვებით საკმაოდ დიდი თანხა მოაგებინა ქართველ ქომაგსაც, რომელსაც პირველ რაუნდში თანამემამულის ნოკაუტით გამარჯვებაზე სოლიდური ფსონი ჰქონდა დადებული – კერძოდ, ქართველმა გულშემატკივარმა ილიას გამარჯვებით 20 000 ლარამდე მოიგო.

სამაგიეროდ 200 000 დოლარი წააგო „გრემის“ ხუთგზის მფლობელმა კანადელმა რეპერმა Drake-მა, რომელიც საბრძოლო სპორტის სახეობებში თავისი დიდი ფსონებით განთქმულია. ამჯერად მან თანხა ჩარლზ ოლივეირაზე დადო და ხახამშრალი დარჩა.

თოფურიასა და ოლივეირას შორის ბრძოლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ისაუბრა:

„თოფურიას ბოლო სამბრძოლიანი მოგების შესანიშნავი სერია აქვს, ყველამ კარგად ვიცით, როგორი ლეგენდები დაამარცხა. წონის კატეგორიის ცვლილება და შემდეგ პირველივე რაუნდში გამარჯვება უბრალოდ შთამბეჭდავია“… „ჩვენ წინაშეა ვარსკვლავი“, – განაცხადა უაითმა თოფურიაზე.

ესპანურმა ავტორიტეტულმა გამოცემა MARCA-მ კი დაწერა:

„და ღამით ლას-ვეგასში, ყველა ფერის და ტიპის პროჟექტორების შუქზე, ილია თოფურია (17:0) ლეგენდად იქცა. „მატადორმა“ თავისი დაპირება შეასრულა და ჩარლზ ოლივეირა (35:11) პირველივე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო. თავიდან მარჯვენა ხელით გათიშა, მერე კი მარცხენით მიწაზე დააგდო. ეპიკური ნოკაუტი, რომელიც მას ერთ-ერთ უდიდეს სუპერვარსკვლავად აქცევს, ზოგადად, სპორტის ამ სახეობაში“.

„ეს ნოკაუტი კონტაქტური სპორტის წიგნებში შევა“, – ასე აფასებს გამოცემა.

The New York Times:

„თოფურიამ მარჯვენა ხელით მწვავე დარტყმა მიაყენა მეტოქეს, რასაც მარცხენა ხელით გამანადგურებელი ჰუკი მოჰყვა, რის შედეგადაც ოლივეირა დაეცა და ბრძოლა პირველი რაუნდის 2:27 წუთზე დასრულდა“.

Foxsports:

„აბსოლუტურად არაჩვეულებრივი! თოფურიამ წლის UFC-ის გიჟური ბრძოლა ჩაატარა. ის ახლა ორი დივიზიონის ლეგენდაა. და ეს მხოლოდ დასაწყისია“.

ილია თოფურია, რომელმაც UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ყველა წონის საერთო რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა, UFC-ის ორ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ კიდევ 9 მებრძოლს შეუერთდა, თუმცა ილია მაინც რეკორდსმენია, რადგან იგი პირველი დაუმარცხებელი მებრძოლია (17:0), რომელმაც ორ დივიზიონში მოიპოვა გამარჯვება.

***

UFC-ის მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონის ყველაზე დიდი და უანგარო გულშემატკივარი მისი ვაჟი, ჰუგო-აჩე თოფურიაა. ჰუგო-აჩეს ქართულად ლაპარაკი უჭირს, მაგრამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2024 წლის ნოემბერში გავრცელებულ პოპულარულ ვიდეოში ჩანს, რომ მეგ­რუ­ლი საკმაოდ კარგად იცის.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close