
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მზარდი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება COVID-19-ის პანდემიის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო. ბრალდებების ცენტრშია ე.წ. „ფაიზერგეითის“ საქმე – ვაქცინების შესყიდვებთან დაკავშირებული გაუმჭვირვალე შეთანხმებები და სავარაუდო პირადი მიმოწერა ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-ის ხელმძღვანელობასთან.
„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკურმა ჯგუფებმა დაიწყეს კამპანია ევროკომისიის პრეზიდენტისა და მთელი კოლეგიის გადადგომის მოთხოვნით. ინიციატორთა თქმით, მათ საკმარისი მხარდაჭერის მობილიზება სურთ უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად.
რა გადაწყვიტა ევროპულმა სასამართლომ
2024 წლის 14 მაისს ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ ევროკომისიის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყებამ არასწორად უარყო გაზეთ The New York Times-ის მოთხოვნა, გაეცნოთ ფონ დერ ლაიენისა და Pfizer-ის დირექტორ ალბერტ ბურლას შორის სავარაუდო ტექსტური მიმოწერა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიამ ვერ წარმოადგინა დამაკმაყოფილებელი განმარტება, რატომ ჰქონდა მიმოწერას კონფიდენციალურობის სტატუსი. ამ გადაწყვეტილებამ ახალ შეკითხვებს გაუხსნა გზა იმაზე, რამდენად გამჭვირვალე იყო ევროკავშირის მიერ ვაქცინების ყველაზე დიდი პარტიის შესყიდვის პროცესი.
რატომ მოხვდა ყურადღების ცენტრში Pfizer-ის კონტრაქტი
პანდემიის პიკზე ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ისგან 1,8 მილიარდი დოზა ვაქცინა შეიძინა, რაც საერთო ჯამში €35-მილიარდიან კონტრაქტს ნიშნავდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდაპირველ ფასზე — €15.5 დოზაში — ვაქცინა საბოლოოდ €19.5 ევროდ იქნა შეძენილი.
კრიტიკოსების შეფასებით, სწორედ ფონ დერ ლაიენის ჩართულობამ გამოიწვია Pfizer-ისთვის უპირატესობის მინიჭება, მაშინ როცა ვაქცინებს აწარმოებდნენ სხვა სახელმწიფოებიც – მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ისრაელი და ჩინეთი.
შეკითხვას, რატომ გადაიხადა ევროკავშირმა მნიშვნელოვნად მეტი და რატომ აირჩია მხოლოდ ერთი მთავარი მომწოდებელი, შესაძლოა პასუხი სწორედ გაუმჟღავნებელმა მიმოწერამ გასცეს.
გამუყენებეოლი დოზები
შედეგად, კონტრაქტის ფარგლებში შეძენილი ვაქცინებიდან დაახლოებით 4 მილიარდი ევროს ღირებულების დოზები არასდროს გამოუყენებიათ – ეს მონაცემი ოფიციალურად დაუდასტურებელი რჩება, თუმცა ევროკავშირის აუდიტორთა ანგარიშებში ფიგურირებს.
გრძელდება ევროკავშირის შიდა საგამოძიებო პროცესი ვაქცინების შესყიდვებთან დაკავშირებით. საბოლოო დასკვნები სავარაუდოდ 2025 წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. გამოძიება არ ასახელებს კონკრეტულ ბრალდებულებს, თუმცა მისი ფოკუსი Pfizer-ის კონტრაქტსაც მოიცავს.
კომენტარები