ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

UFC 317 – ილია თოფურია ახალ წონაშიც ჩემპიონია (ვიდეო)

საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა

ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარზე უარი თქვა და ახალ წონაში (70 კგ) გადავიდა, პირველივე საჩემპიონო ბრძოლას პირველივე რაუნდში ნოკაუტით იგებს და ახალი წონის ჩემპიონი ხდება.

28-29 ივნისის ღამეს ლას-ვეგასში UFC 317-ის მასშტაბური ტურნირი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსუბუქი წონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

თოფურიამ შეხვედრა ძალიან მალე, პირველივე რაუნდში მოიგო ნოკაუტით და UFC-ის ახალი ჩემპიონი გახდა მსუბუქ წონაში.

ამ ბრძოლის შემდეგ 28 წლის ქართველ მებრძოლს, სპორტული მეტსახელით „ელ მატადორ“, MMA-ში 17 გამარჯვება აქვს და არცერთი წაგება!

35 წლის ბრაზილიელი მებრძოლის, ჩარლზ ოლივეირას ანგარიშზე კი 35 გამარჯვება და 11 წაგებაა; მისი მონაწილეობით გამართული ერთი ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ადრე UFC-ის ჩემპიონი იყო ქვემსუბუქ წონაში (65 კგ), მაგრამ საჩემპიონო  ქამარი ახალ დივიზიონში გადასასვლელად დათმო.

ამრიგად, ქართველი სპორტსმენი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის /UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონია – ილიამდე ასეთ შედეგს კიდევ 9 მებრძოლმა მიაღწია.

ჩემპიონის ტიტული ქვემსუბუქ წონაში (65 კგ) ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, როდესაც ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა, ოქტომბერში კი ტიტული დაიცვა მაქს ჰოლოუეისთან ორთაბრძოლაში. მოგვიანებით ილიამ განაცხადა, რომ მუდმივად წონის „დევნის“ პროცესი მისთვის ძალიან რთულია და მსუბუქ წონაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამ წონაში ილია მხოლოდ სატიტულო ბრძოლებში აპირებს მონაწილეობას.

ნუცა ყაველაშვილი

დაგაინტერესებთ: UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია პირდაპირ ეთერში ანტონიო ბანდერასთან ერთად ამღერდა (ვიდეო)

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close