მსოფლიოnewsამინდი

სამხრეთ ევროპა რეკორდული სიცხის მოლოდინში – რა პროგნოზს აკეთებენ სინოპტიკოსები?

სამხრეთ ევროპის ქვეყნებში მომდევნო დღეებში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი. ევროპის წამყვანი მეტეოროლოგიური სააგენტოების პროგნოზით, 2025 წლის ივნისის ბოლო და ივლისის დასაწყისი რეგიონისთვის შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე ცხელ პერიოდად ჩაიწეროს უახლოეს წლებთან შედარებით.

ტემპერატურა 45°C-მდე – უჩვეულო სიცხე ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში

სინოპტიკოსების შეფასებით, მომდევნო ორ დღეს სამხრეთ ევროპაში ტემპერატურა რამდენიმე რეგიონში 43-45°C-ს მიაღწევს. განსაკუთრებით ცხელი დღეები ელოდება ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, სამხრეთ საფრანგეთს და პორტუგალიას.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა კონტინენტზე, როგორც წესი, ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში ფიქსირდება.

იტალია

იტალიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტი (IlMeteo.it) იტყობინება, რომ „აფრიკული ანტიციკლონი“ – ცხელი ჰაერის მასა, რომელიც საჰარიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით გადაადგილდება – უკვე ფიქსირდება ხმელთაშუა ზღვის დაბლობებზე და დასავლეთ სანაპიროზე. ის ამ დღეებში მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს და ბალკანეთის სამხრეთ ნაწილს.

იტალიაში განსაკუთრებით ცხელი დღეებია მოსალოდნელი სამხრეთ რეგიონებში, ასევე, კუნძულებზე, როგორიცაა სარდინია და სიცილია.

სამოქალაქო დაცვის სამსახური  (Il Dipartimento della Protezione Civile) იუწყება, რომ ტემპერატურამ  შესაძლოა მიაღწიოს 43-45°C-ს შემდეგი ქალაქების და რეგიონების ფარგლებში:

  • კაპა ტორესა (კუნძული სარდინია)

  • კატანია (სიცილია)

  • ფლორენცია და პიზა (ტოსკანა)

  • ნაპოლი და სალერნო (კამპანია)

იტალიის სამხრეთში და კუნძულებზე მაღალი ტემპერატურა არა მხოლოდ მოსახლეობისათვის შექმნის საფრთხეს, არამედ იზრდება ტყის ხანძრების რისკი.

იტალიის ხელისუფლება მოსახლეობას და ტურისტებს მოუწოდებს, ადგილობრივი დროით 11:00-იდან 18:00 საათამდე შენობებს შეაფარონ თავი.

ადგილობრივი სამსახურები  მოსახლეობას აფრთხილებენ, ყურადღებით იყვნენ ჰიგიენის დაცვაზე და წყლის რეგულარულად მიღებაზე, ასევე, ფრთხილად იყვნენ ღია ცის ქვეშ საქმიანობისას.

საბერძნეთი

სინოპტიკოსების შეფასებით, საბერძნეთში განსაკუთრებით ცხელ დღეებს ელოდებიან, ძირითადად, შუა და სამხრეთ ნაწილებში, მათ შორის:

  • ათენში

  • თესალონიკში

  • პელოპონესზე

  • კრეტაზე

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (EMY) იუწყება, რომ ტემპერატურა ზოგიერთ რაიონში 42-44°C-ს მიაღწევს. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება პატარა სოფლებს, სადაც ინტენსიური სიცხის ფონზე წყლის მარაგები იკლებს, რამაც შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები დააზიანოს და საბოლოოდ პროდუქტიულობა შეამციროს.

საფრანგეთი

სამხრეთ საფრანგეთში – განსაკუთრებით პროვანსსა და კოტ დ’აზურში – ბოლო დღეების განმავლობაში ტემპერატურამ უკვე გადააჭარბა 40°C-ს. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (Météo France) აცხადებს, რომ მომდევნო ორ დღეს ტემპერატურამ რამდენიმე ქალაქში შეიძლება 43°C-ს მიაღწიოს.

საფრანგეთის შესაბამისმა ორგანოებმა ჰაერის დაბინძურების გამო ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საფრთხის ყველაზე მაღალი – „წითელი დონე“ გამოაცხადეს. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიცა და მარსელი.

პორტუგალია

პორტუგალიის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (Instituto Português do Mar e da Atmosfera – IPMA) აცხადებს, რომ ცენტრალურ და სამხრეთ პორტუგალიაში, განსაკუთრებით ალენტეჟუსა და ინტერიორის რეგიონებში, მოსალოდნელია ტემპერატურამ 44-45°C-ს მიაღწიოს.

მოსალოდნელი სიცხის ზონა მოიცავს ქალაქებს, როგორიცაა:

  • ევორა (Évora)

  • ბეჟა (Beja)

  • პორტალეგრე (Portalegre)

  • კასტელუ ბრანკუ (Castelo Branco)

ამ ტერიტორიებზე უკვე გამოცხადებულია საფრთხის „ნარინჯისფერი“ ან „წითელი დონე“ მაღალი ტემპერატურის გამო, რაც მოსახლეობისგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ინფრასტრუქტურის შესაბამის მზაობას მოითხოვს.

გაფრთხილება გვალვისა და წყალმომარაგების კრიზისის შესახებ

კლიმატოლოგების თქმით, პორტუგალიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა ხანგრძლივი გვალვა. 2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში დაფიქსირდა ნალექის საგრძნობი დეფიციტი, რის შედეგადაც რეზერვუარები და წყალსაცავები კრიტიკულ ნიშნულზე იმყოფება.

სახელმწიფო უწყებები უკვე აფრთხილებენ სოფლის მეურნეობის სექტორს, რომ მოსალოდნელია სარწყავი წყლის მკაცრი კვოტირება, რაც განსაკუთრებით იმოქმედებს ზეთისხილის, ვაზისა და მარწყვის პლანტაციებზე.

გლობალური დათბობის გავლენა და სამხრეთ ევროპის კლიმატური გამოწვევები

მაღალი ტემპერატურები და ხანგრძლივი სიცხეები სამხრეთ ევროპის რეგიონისთვის უცხო არ არის, თუმცა კლიმატოლოგების შეფასებით, მსგავსი ამინდი სულ უფრო ხშირი და ხანგრძლივი ხდება. ევროპის კლიმატური მონიტორინგის სააგენტო Copernicus-ი მიუთითებს, რომ 2024 წელი უკვე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იყო, ხოლო 2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ტემპერატურის ზრდის ტენდენცია გრძელდება.

გლობალური დათბობის ფონზე ევროპაში სიცხის ტალღები უფრო ადრე იწყება, უფრო ინტენსიურია და უფრო დიდხანს გრძელდება. ამ პროცესს თან სდევს მცირე ნალექი, გვალვები, წყალმომარაგების პრობლემები და ხანძრის მაღალი რისკი.

ტყის ხანძრების რისკი და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა

ამინდის პროგნოზის და სამოქალაქო დაცვის სამსახურები სამხრეთ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოერიდონ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას, განსაკუთრებით შუადღის საათებში.

საბერძნეთში და იტალიაში უკვე გამოცხადებულია „წითელი განგაში“, რაც გულისხმობს ექსტრემალურ საფრთხეს როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ისე ბუნებრივი ხანძრების გავრცელების თვალსაზრისით.

სიცხე განსაკუთრებით სახიფათოა:

  • ხანდაზმულებისთვის;

  • ბავშვებისთვის;

  • გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირებისთვის.

ქალაქებში ასევე შესამჩნევია „ურბანული სიცხის კუნძულების“ ეფექტი – როცა ურბანული გარემო ჰაერის ტემპერატურას კიდევ უფრო ამაღლებს, განსაკუთრებით ღამით, რაც ართულებს სხეულის გაგრილებას და ჰოსპიტალიზაციის რისკს ზრდის.

გეგმები და რეკომენდაციები – როგორ ვებრძოლოთ სიცხეს

სამოქალაქო დაცვის ორგანოები მოსახლეობას ურჩევენ:

  • დარჩნენ გრილ შენობებში;

  • მიიღონ მეტი სითხე (ალკოჰოლისა და კოფეინის გარეშე);

  • ატარონ ღია ფერის თხელი, ბუნებრივი ქსოვილის ფართო ტანსაცმელი;

  • არ დატოვონ ბავშვები ან შინაური ცხოველები მანქანაში.

ამასთანავე, ბევრი მუნიციპალიტეტი გეგმავს დროებითი „სიგრილის ზონების“ გახსნას – გრილი საჯარო სივრცეებისა, სადაც მოქალაქეებს სიცხისგან თავის დაღწევა შეეძლებათ.

ნინო ხოშტარია

დაკავშირებულ თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close