საბერძნეთში ქართველ ქალს სიგარეტის ნამწვით ხანძრის გაჩენისთვის პატიმრობა მიუსაჯეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს (ვიდეო)
31 წლის ქალი კუნძულ ქიოსზე ინციდენტამდე 24 საათით ადრე ჩავიდა ხანდაზმულ ქალბატონთან ოჯახის დამხმარედ სამუშაოდ

საბერძნეთში დაკავებულია 31 წლის ქართველი ქალი, რომელიც ეგეოსის ზღვის ბერძნულ კუნძულ ქიოსზე ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. შემთხვევა 23 ივნისს, დილით მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს.
ეჭვმიტანილი 24 ივნისს დააკავეს და ბრალი წაუყენეს კუნძულზე მძვინვარე ტყის ხანძრის 5 კერიდან ერთ-ერთის დაუდევრობით გაჩენაში, კერძოდ, ლეპტოპოდის რაიონში.
capital.gr-ს ცნობით, ქიოსის სასამართლომ ქალი უკვე ცნო დამნაშავედ ლეპტოპოდაში ხანძრის დაუდევრობით, არა წინასწარგანზრახვით გაჩენაში. ამ დროს ქიოსის ცენტრალურ ნაწილში უკვე მძვინვარებდა დიდი ხანძარი.
სასამართლომ ქალს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 10 000 ევროს ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ქიოსში, ლეპტოპოდის რაიონში ინციდენტამდე სულ რაღაც 24 საათით ადრე ჩავიდა, რათა ხანდაზმული ქალბატონის ოჯახში დამხმარედ ემუშავა. ცეცხლი, როგორც სასამართლომ დაადგინა, ორშაბათს დილით გზაზე გადაგდებული ნახევრად ჩამქრალი ნამწვისგან გაჩნდა, რომელმაც გამხმარი ბალახების აალება და ხანძარი გამოიწვია.
ქართველმა ქალმა თავისი დაუდევარი საქციელი აღიარა. გამოცემა წერს, რომ მისი უპასუხისმგებლო მოქმედება თვითმხილველებმაც დაინახეს.
მოსამართლემ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი გარემოებები და დაუდევრობით გამოწვეული დანაშაულისთვის 31 წლის ქართველ ქალს ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრა.
კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრებს გასული კვირის, 22 ივნისის შემდეგ 400-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ათობით სოფლის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრებმა, ძირითადად, ბუჩქნარი და საძოვრები მოიცვა. წინასწარი ვარაუდით, კუნძულის მწვანე საფრის თითქმის 1/3 (დაახლოებით 4000 ჰა) ფერფლად იქცა.
🔥 #EMSR806 – Wildfires on #Chios Island 🇬🇷
34 active fires were identified by our #MappingTeam for a total burnt area of 4,091.5 ha in the #AOI.
The situation is evolving rapidly. Other emergency products are planned to help the authorities.
🔗 https://t.co/OdjhLAtaqg pic.twitter.com/Nuz98itk25
— Copernicus EMS (@CopernicusEMS) June 25, 2025
ბერძნული სახანძრო სამსახურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათიდან ცეცხლის ინტენსივობა თანდათან შემცირდა და ამ დროისთვის ხანძრები, ძირითადად, ლოკალიზებულია, ქიოსზე ასობით მეხანძრე რჩება, რათა ტერიტორია აკონტროლონ განმეორებითი ხანძრის თავიდან ასაცილებლად.
ცხელი და უნალექო ზაფხულის გამო საბერძნეთი რეგულარულად ზარალდება ტყის ხანძრებით. საბერძნეთის მთავრობამ ასობით მილიონი ევრო გამოყო დაზარალებული ოჯახებისა და ფერმერების დასახმარებლად, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის განახლებისთვის.
რთული სეზონის წინ საბერძნეთში მეხანძრეების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა – 18 000-მდე. ამასთან, 1-ელი ივლისიდან 15 სექტემბრამდე მათ კიდევ 294 მეხანძრე დაეხმარება ხუთი ევროპული ქვეყნიდან.
ნანა ძნელაძე
კომენტარები