მიგრაციაქართველები უცხოეთშიკრიმინალი

თანამედროვე მონობა – ქართველ კაცს საფრანგეთში არალეგალი მიგრანტების ექსპლუატაციის ბრალდებით პატიმრობა ემუქრება

სამი ეჭვმიტანილი წარდგა შალონ-ან-შამპანის სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით ხუთშაბათს, 19 ივნისს. სამართალდამცველებმა მონური შრომისა და ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი აღმოსავლეთ საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, ერთ-ერთ ვენახში გამოავლინეს. საქართველოს მოქალაქე მამაკაცი, ყირგიზი ქალი და საფრანგეთის მოქალაქე 57 მუშის ექსპლუატაციაში არიან ბრალდებულნი. სამივე მათგანს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

როგორც სტატიაში წერია, არალეგალი მიგრანტი მუშები, ძირითადად, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან იყვნენ. ისინი 2023 წლის სექტემბერში ყურძნის მოსავლის აღების დროს აღმოაჩინეს. მიგრანტები ნესლ-ლე-რეპონში, რეიმსის სამხრეთ-დასავლეთით, შამპანის რეგიონის გულში, ნახევრად დანგრეულ შენობაში, სივიწროვესა და ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდნენ, გასაბერ ლეიბებზე ეძინათ.

მიგრანტები WhatsApp-ის ჯგუფური შეტყობინების საშუალებით დაიქირავეს. შეტყობინებაში მათ შამპანის რეგიონში „კარგად ანაზღაურებად სამუშაოებს” ჰპირდებოდნენ.

16-იდან 65 წლამდე ასაკის 48 მამაკაცი და 9 ქალი საფრანგეთში სეზონურ სამუშაოებზე მალიდან, მავრიტანიიდან, კოტ-დ’ივუარიდან, სენეგალიდან, გამბიიდან ჩავიდნენ. უმეტესობას დოკუმენტებიც არ ჰქონდა.

მათ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცეს, რომ არ ჰქონდათ სუფთა წყალი, ერთადერთი საკვები კი ბრინჯი და უვარგისი ბუტერბროდები იყო. გარდა ამისა, მიგრანტები დღეში 10 საათს მუშაობდნენ და მხოლოდ 30 წუთს ისვენებდნენ, ისიც საჭმელად.

მიგრანტების ჩამოსვლიდან ერთ კვირაში მათი მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებას ადგილობრივმა მცხოვრებმა შეატყობინა. ადგილზე შრომის ინსპექტორები მივიდნენ და დააფიქსირეს პირობები, რომლებიც, პროკურორის თქმით, იქ მყოფების „უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და ღირსებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა“. შენობა, სადაც მიგრანტები ცხოვრობდნენ, კონფისკებულია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close