ისრაელში საჰაერო სივრცე გაიხსნა – მგზავრები ფრენის ახალი განრიგის მოლოდინში არიან

ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამასთან, ისრაელის აეროპორტების სამმართველო იუწყება, რომ ბენ გურიონისა და ხაიფის აეროპორტები სრული ოპერირების რეჟიმში ბრუნდებიან.
„გაუქმდა ყველა შეზღუდვა შემომავალ და გამავალ რეისებზე, ასევე, თითოეულ რეისზე მგზავრთა რაოდენობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნათან დაკავშირებით ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობის განცხადებას ავრცელებს.
„ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნათან დაკავშირებით, გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობის მიერ გაცემული თანხმობის შედეგად, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს:
ბენ გურიონისა და ხაიფის აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას!
მოხსნილია ყველა შეზღუდვა ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე.
შეზღუდვა მოხსნილია აეროპორტში მგზავრებისა და თანმხლები პირების რაოდენობაზე.
ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია და ბენ გურიონის აეროპორტი მჭიდრო კონტაქტში არიან ყველა ავიაკომპანიასთან, რათა განაახლონ ფრენების განრიგი და მაქსიმალურად დააჩქარონ ჩვეულ რუტინაში დაბრუნება.
საზოგადოებას ვურჩევთ, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომი დასრულდა. მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, მხარეებმა კიდევ ერთხელ „გაცვალეს“ რაკეტები – ისრაელის მხარის მტკიცებით, შეთანხმება ირანმა დაარღვია და ისრაელის რამდენიმე რაიონს დაარტყა, მათ შორის, ქალაქ ბეერ-შევას, სადაც, მათივე ცნობით, 4 ადამიანი დაიღუპა (სულ ისრაელში 13 ივნისის შემდეგ ირანის საპასუხო დარტყმებს 28 ადამიანი ემსხვერპლა).
ისრაელმა უპასუხოდ არ დატოვა ეს შეტევა და თეირანს მორიგი „რისხვა“ დაატეხა ტავს სარაკეტო დარტყმების სახით. ამან აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც გუშინ გვიან საღამოს ამცნო მსოფლიოს, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში დასრულდა და მშვიდობამ გაიმარჯვა, იმდენად გააბრაზა, რომ უწმაწური სიტყვაც კი გამოიყენა ირანისა და ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით. ამ ინციდენტების შემდეგ ვითარება, როგორც ჩანს, რეალირად განიმუხტა და შეზღუდვებიც მოიხსნა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცეცხლის შეწყვეტა „ისტორიულ გამარჯვებად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება თაობებს დაამახსოვრდება.
ნანა ძნელაძე
კომენტარები