
23 ივნისს ირანმა კატარის დედაქალაქზე იერიში მიიტანა, აფეთქებები გაისმა „ალ-უდეიდის“ საჰაერო ამერიკულ ბაზაზეც. თავდასხმა ირანიდან გაშვებული მოკლე და საშუალო რადიუსის 10 ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.
ეს საჰაერო ბაზა ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურეში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო ობიექტია, სადაც მდებარეობს სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) შტაბ-ბინა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ყველა საჰაერო ოპერაციას ხელმძღვანელობს. ბაზაზე 10 000-მდე სამხედრო პერსონალია.
„ირანის რევოლუციურ გვარდიაში“ აცხადებენ, რომ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა არის პასუხი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული იერიშის გამო.
კატარი მკაცრად გმობს ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი წერს, კატარი ამას სახელმწიფოს სუვერენიტეტის, თავისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევად მიიჩნევს.
მათივე ინფორმაციით, ბაზაზე არავინ დაშავებულა, ხოლო ქვეყნის საჰაერო სივრცე უსაფრთხო რჩება. ამასთან, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაჯედ ალ-ანსარის განაცხადებით, კატარს სრული უფლება აქვს, ირანის ამ თავდასხმას უპასუხოს.
კატარის დედაქალაქ დოჰაში აფეთქებების ხმამ პანიკა გამოიწვია.
ისრაელის წყაროების ცნობით, ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა, აგრეთვე, ამერიკულ ბაზაზე ერაყში, სირენების ხმა ისმოდა ამერიკული ბაზების სიახლოვეს ბაჰრეინსა და ქუვეითში.
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს საელჩოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
„რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: +966 55 713 6346
საელჩო მოუწოდებს საუდის არაბეთის სამეფოში და ბაჰრეინის სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზს“, – ნათქვამია საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები