
ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია Risinf Lion-ის დაწყების შემდეგ აშშ პირდაპირ ჩაერთო მასში და დღეს, 22 ივნისს ღამით ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
„ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის. ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანში. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ბომბების სრული კომპლექტი ჩამოგდებულია ძირითად ობიექტზე, ფორდოზე. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები ნათანზში, ფორდოსა და ისპაანში „მთლიანად და შეუქცევადად განადგურდა“.
დარტყმებისთვის ამერიკამ B-2 ტიპის ბომბდამშენები და ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა, ასევე, წყალქვეშა ნავებიდან 30-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ისრაელის მხარის ცნობით, დარტყმები აშშ-სა და ისრაელს შორის სრული კოორდინაციით განხორციელდა და საჰაერო იერიშის დაწყებამდე პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს.
The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის პირველადი შეფასით, ამერიკული დარტყმების შემდეგ სამივე ირანულმა ობიექტმა „მძიმე ზიანი და ნგრევა“ განიცადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებით, კეინმა არ გამოიყენა სიტყვა „განადგურდა“. გენერალმა დასძინა, რომ ნაადრევია იმის თქმა, ინარჩუნებს თუ არა ირანი რაიმე ბირთვულ პოტენციალს.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა The New York Times-თან კომენტარში, ასევე, აღიარა, რომ ფორდოში ბირთვულ ცენტრზე B-2-ით თავდასხმამ კარგად გამაგრებული ობიექტი ვერ გაანადგურა, მაგრამ სერიოზული ზიანი მიაყენა.
თავის მხრივ, თეირანი უარყოფს ამ ინფორმაციას, ზარალს უმნიშვნელოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს დარტყმა ბირთვული პროგრამის ფუნქციონირებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის საჰაერო იერიშამდე სამივე ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა და მასალებიც გაიტანეს.
ირანმა ამერიკის საჰაერო დარტყმების შემდეგ დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა, მაგრამ საკითხავია, რამდენად მოისურვებს/გაბედავს მოსკოვი ისრაელთან ურთიერთობის გაფუჭებას და აშშ-სთან ღიად დაპირისპირებას.
ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ამ ზონების გარეთ რადიაციული ფონის მატება არ დაფიქსირებულა.
ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი აშშ-ს დაემუქრა:
„შტატები საფასურს გადაიხდის ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე დარტყმისთვის“, – ნათქვამია კორპუსის ოფიციალურ განცხადებაში.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად იმაზე გაცილებით დიდი დარტყმა მოჰყვება, ვიდრე ღამით განხორციელებული იერიში იყო.
ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, გენერალმა ალირეზა ტანგსირიმ განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე საათში ისინი ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავენ.
ნანა ძნელაძე
ამავე თემაზე: მხოლოდ აშშ-ს შეუძლია ფორდოს განადგურება… ტრამპი: „შეტევის გეგმა მზად არის“; ისრაელ კაცი: „ირანის ლიდერმა აღარ უნდა იარსებოს“
კომენტარები