
ესპანეთის მყიფე კოალიციური მთავრობა შეძრა გასულ კვირას სამოქალაქო გვარდიის მიერ გამოქვეყნებულმა შოკისმომგვრელმა ანგარიშმა, რომელშიც გამოაშკარავდა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტური პარტიის (PSOE) „მაფიოზურ“ ოპერაციებთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული სქემის დეტალები, რომელშიც მისი ახლო მოკავშირეები და მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ესპანეთის პარლამენტი მმართველ სოციალისტურ პარტიას, მის კოალიციურ პარტნიორებსა და ოპოზიციურ ძალებს შორის ცხარე კამათის, შეურაცხყოფისა და თავდასხმების არენად იქცა.
პროტესტი და სიტყვიერი დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თანაშემწის კორუფციულ გარიგებაში სავარაუდო მონაწილეობას უკავშირდება. ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ ლიდერმა სანტიაგო აბასკალმა პედრო სანჩესს კორუმპირებული და მოღალატე უწოდა.
პარასკევს, 20 ივნისს კი ესპანეთის პოლიცია მმართველი სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინაში შევიდა პარტიის ყოფილი მაღალი რანგის წევრის, სანტოს სერდანის ელექტრონული ფოსტიდან მასალების ამოღების მიზნით. სერდანი გასულ კვირას იძულებული გახდა, გადამდგარიყო კორუფციული სკანდალის ფონზე, რამაც მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
მოსამართლე ლეოპოლდო პუენტემ, რომელიც სერდანისა და ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, ხოსე ლუის აბალოსის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს განიხილავს, გასცა განკარგულება, რომ პარტიამ პოლიციის წარმომადგენლები ოფისში შეუშვას, თუმცა პოლიციაში და მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებები არ წარმოადგენს რეიდს ან ჩხრეკას.
სამართალდამცველების ანალოგიური ვიზიტები განხორციელდა ტრანსპორტის სამინისტროს გზების დეპარტამენტში, რაც მთავრობის პრესსპიკერმა და ტრანსპორტის მინისტრმა დაადასტურეს. სერდანმა პარლამენტარის მანდატი და სოციალისტურ პარტიაში თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც პოლიციის ანგარიში მოსამართლეს გადაეგზავნა. აღნიშნული ანგარიში მოიცავს სერდანის, აბალოსისა და მისი ყოფილი თანაშემწის საუბრის ჩანაწერის ტრანსკრიპტს, სადაც ისინი, სავარაუდოდ, ქრთამის საკითხს განიხილავენ.
პოლიცია ვარაუდობს, რომ სერდანი ამ სავარაუდო ქრთამის აღებაზე პასუხისმგებელი იყო. მოსამართლემ ასევე დაავალა პოლიციას, შეისწავლონ სერდანის, სავარაუდო ქრთამის მიცემაში მონაწილე კომპანიებისა და ხუთი ბიზნესმენის საბანკო ანგარიშები. დადგენილების თანახმად, შემოწმდება 500-მდე საბანკო ანგარიში. აბალოსი და მისი თანაშემწე მოსამართლის წინაშე მომავალ კვირას წარდგებიან, სანტოს სერდანი კი – 30 ივნისს.
მედიის ცნობით, ამ სკანდალის ფონზე იზრდება ზეწოლა პრემიერ-მინისტრზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
კომენტარები