მიგრაციაქართველები უცხოეთშიარტისტი

„მისტერ B“ – ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

„ადრე თუ გვიან ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი. იმიტომ, რომ მე ვასწავლე ამერიკას ბალეტი“, − ეს სიტყვები ეკუთვნის ჯორჯ ბალანჩინის, გიორგი ბალანჩივაძეს − ქართველს, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში საბალეტო ხელოვნება ოკეანის გაღმა ჩაიტანა და დაამკვიდრა.

ისტორიამ არაერთი ქართველის გვარი შემოგვინახა, ვისაც საკუთარი თავდაუზოგავი შრომის, ნიჭისა და გამბედაობის ხარჯზე მსოფლიო მნიშვნელობის საქმე უკეთებია. ერთ-ერთი ასეთია გიორგი ბალანჩივაძე − ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟი, რომელმაც თავბრუდამხვევი ქორეოგრაფიული კარიერა აიწყო და თავისი ფესვები შორეულ ამერიკაშიც არ დავიწყებია. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ „მისტერ B“, რომლის სახელიც დღესაც ჰქვია ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩას.

გიორგი ბალანჩივაძე 1904 წლის 22 იანვარს დაიბადა იმდროინდელ პეტროგრადში. 1918 წლის რევოლუციურ პეტროგრადში ცხოვრება საკმაოდ სარისკო გახდა და მელიტონ ბალანჩივაძემ ოჯახის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. გიორგის უმცროსი ძმა, ანდრია, რომელიც მოგვიანებით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე და საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიგურა გახდება, ოჯახთან ერთად მშობლიურ ქუთაისში გაემგზავრა, ხოლო გიორგი რუსეთში დარჩა. ამ საბედისწერო დღის შემდეგ ძმები ერთმანეთს მხოლოდ 45 წლის შემდეგ ნახავენ, თუმცა ამაზე მოგვიანებით გიამბობთ…

გიორგი ბალანჩივაძე საიმპერატორო თეატრალური სკოლის წარჩინებული მოსწავლე გახლდათ და ამიტომ, სასწავლებლის დასრულებისთანავე, იგი პეტერბურგის თეატრ მარიინსკის კორდებალეტში ჩაირიცხა. 1924 წელს 20 წლის გიორგი საბალეტო დასთან ერთად გასტროლებით გერმანიას ესტუმრა, საიდანაც საბჭოთა რუსეთში აღარასოდეს დაბრუნებულა. მან რამდენიმე მეგობართან ერთად გერმანიას დევნილის სტატუსით შეაფარა თავი. მალევე გიორგი ბალანჩივაძე პარიზში გაემგზავრა და იმ დროისთვის სახელგანთქმული იმპრესარიოს, სერგეი დიაგილევის რუსულ ბალეტს შეუერთდა.

დიაგილევის რჩევით, გიორგი ბალანჩივაძემ სახელი ჯორჯ ბალანჩინად გადაიკეთა, რათა აფიშებზე ევროპელთათვის უკეთესი აღსაქმელი ყოფილიყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ჯორჯმა რუსულ დასთან ერთად 9 სპექტაკლი დადგა და 1929 წლამდე, სერგეის გარდაცვალებამდე, ერთგულად ემსახურა მის საქმეს.

სწორედ ამ დროს ჯორჯ ბალანჩინიმ ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც პროფესიულ ბალეტს სამუდამოდ გამოემშვიდობა და თავით გადაეშვა ქორეოგრაფიის ხელოვნებაში. ცოტა ხანი მან პარიზში საკუთარ საბალეტო სკოლას უხელმძღვანელა. ჯორჯს არ სურდა დიაგილევის რეპერტუარის დუბლირება, ამიტომ მაყურებელს ექსპერიმენტული დადგმები შესთავაზა. სამწუხაროდ, კონსერვატიულ პარიზში ბალანჩინის ექსპერიმენტები დაუწუნეს და ნეგატიური რეცენზიებით „შეამკეს“, რასაც მალევე ამერიკელი იმპრესარიოს − ლინკოლნ კირსტეინის შემოთავაზება მოჰყვა აშშ-ში საბალეტო დასის დაარსების შესახებ. და აქ იწყება ჯორჯ ბალანჩინის თავბრუდამხვევი ამერიკული ვოიაჟის ისტორია.

გააგრძელე კითხვა აქ: https://www.entrepreneur.com/ka/zrdis-strategiebi/jorj-balanchini

ამავე თემაზე: ქართველები, რომლებმაც ამერიკას 5 დარგი შეუქმნეს

ქართველები, რომლებმაც ამერიკას 5 დარგი შეუქმნეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close