მიგრაციაპოლიტიკა

ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკას მნიშვნელოვნად არბილებს – აშშ-ის პრეზიდენტმა მიგრანტების გარკვეული ჯგუფების დაკავების შეჩერების ბრძანება გასცა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურს დაავალა, შეწყვიტონ რეიდები და დაპატიმრებები სამუშაო ადგილებზე სოფლის მეურნეობის სფეროში, სასტუმროებსა და რესტორნებში – სწორედ აქ მუშაობენ უმეტესად არალეგალური მიგრანტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აშშ-ის ეკონომიკაში. ამის შესახებ The New York Times-ი (NYT) იტყობინება შიდა ელექტრონულ მიმოწერასა  და ინსტრუქციებთან დაკავშირებულ სამ ამერიკელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით.

საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხისადმი მკვეთრი ცვლილება იმაზე მიუთითებს, რომ იმიგრაციის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი რეპრესიები ზიანს აყენებს იმ ინდუსტრიებსა და საარჩევნო ოლქებს, რომელთა მხარდაჭერაც პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია. „იმიგრაციის სააგენტოს წარმომადგენლებს დაევალათ, რომ შეაჩერონ რეიდები ფერმებში, სასტუმროებსა და რესტორნებში და ხალხი აღარ დააკავონ“, – იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

საიმიგრაციო კურსის შეცვლის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ იზიარებს ფერმერების, სტუმარმასპინძლობისა და გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების წუხილს, რომ აგრესიული საიმიგრაციო პოლიტიკა მათ დიდი ხნის განმავლობაში დასაქმებულ მუშაკებს ართმევს და ამ სამუშაო ადგილებზე მათი ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელია. „ბევრ შემთხვევაში, ბაიდენის ძალიან სულელური ღია საზღვრების პოლიტიკით ჩვენს ქვეყანაში შემოსული კრიმინალები აცხადებენ პრეტენზიებს ამ ადგილებზე. ეს არ არის კარგი. უნდა დავიცვათ ჩვენი ფერმერები, მაგრამ კრიმინალები აშშ-იდან უნდა განვდევნოთ. ცვლილებები იქნება!“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ახალი ინსტრუქციების თანახმად, კვლავ დაშვებულია გამოძიებები ამ ინდუსტრიებში დასაქმებულ იმ პირთა გამოვლენის და შემდგომი დეპორტაციის მიზნით, რომლებიც კავშირში არიან ადამიანებით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკების კონტრაბანდასთან, თუმცა გამოძიების შედეგად აღარ დააკავებენ გამოვლენილ კრიმინალებთან ერთად მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად არიან, მაგრამ რაიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ამჟამად აშშ-ში 11-იდან 14 მილიონამდე არალეგალური იმიგრანტი ცხოვრობს. ჯო ბაიდენის დროს მათი ნაკადი მკვეთრად გაიზარდა და დონალდ ტრამპმა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გახადა. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ანალიტიკოსთა აზრით, მან საიმიგრაციო პოლიტიკის თითქმის ყველა ასპექტი შეცვალა, მათ შორის, ლეგალურად მცხოვრები ემიგრანტების მიმართაც.

იმიგრაციის პოლიცია აკავებს ადამიანებს ქუჩებში, სამსახურში, სასამართლოებსა და საავადმყოფოებში. ამავდროულად, ამერიკელების უმეტესობა არ არის წინააღმდეგი იმ იმიგრანტების, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ შეერთებულ შტატებში, მუშაობენ და არ არღვევენ კანონს. ლოს-ანჯელესში ჩატარებულმა რეიდებმა საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებიც მთელ ქვეყანას მოედო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close