
მოსისხლე მტრების, ისრაელისა და ირანის გარდა რეგიონში კიდევ ბევრი მსხვილი თუ წვრილი მოთამაშის ინტერესები იკვეთება. ისრაელის მიერ 13 ივნისს, გამთენიისას დაწყებული სამხედრო ოპერაცია მოულოდნელი იყო ირანის მოკავშირე რუსეთისთვის.
მოსკოვს სხვა საზრუნავიც გაუჩნდა.
ირანის ტერიტორიაზე ჩარჩნენ რუსი რეჟისორის, ფიოდორ ბონდარჩუკის გადამღები ჯგუფი და დიდი სიმფონიური ორკესტრის წევრები – სულ 88 ადამიანი. ირანმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა და ხალხის სახმელეთო გზით გამოყვანაზე მოსკოვი ბაქოს შეუთანხმდა.
ექსპერტები შენიშნავენ, რომ სრული კრახი განიცადა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რომლებითაც ირანს რუსეთი ამარაგებდა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ოპერაციის დაგეგმვა გასული წლის ნოემბერში დაიწყეს.
რეგიონული ომი დაიწყო?
ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ „ოპერაცია გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც საჭირო იქნება“ და ექსპერტებიც მოელიან, რომ ამჯერად პროცესი მოკლევადიანი შეტაკებით ვერ ამოიწურება მოსისხლე მტრებს შორის, რომელთა დაპირისპირებაც ლამის 50 წელს ითვლის – 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
„ვფიქრობ, შესაძლოა, ჩვენ ვხედავთ რეგიონული ომის დასაწყისს. მსგავსი არაფერი მომხდარა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ბოლო რეგიონული ომი იყო 2003 წელს, როდესაც ამერიკელები ერაყში შეიჭრნენ… ახლა აშკარაა, რომ ისრაელმა დაიწყო ომი ირანის წინააღმდეგ და ეს ომი უახლოეს მომავალში არ გაჩერდება“, – აცხადებს ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი იგორ სემივოლოსი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ისრაელისთვის იოლი არ იქნება მეორე ომის წარმოება და სწრაფად დასრულება ჰამასთან ომის პარალელურად, რომელიც უკვე 600 დღეზე მეტია მიმდინარეობს და ომით გადაღლა ეტყობა ისრაელის მოსახლეობასაც.
„დღეის მდგომარეობით, ეს დარტყმა ხელსაყრელია ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, რადგან ამით აგვარებს ბევრ შიდა პრობლემას ისრაელში და ახდენს საზოგადოების კონსოლიდირებას“, – ამბობს სემივოლოსი და არ გამორიცხავს, რომ აშშ ჩაერთოს პროცესში, თუკი ირანი უპასუხებს ისრაელს – ისევე, როგორც მას წარსულშიც დახმარებია ისრაელის ქალაქებისკენ მიმართული რაკეტების ჩამოყრაში.
თუმცა ანალიტიკოსისთვის ძნელი სავარაუდოა, როგორ მოიქცევიან ახლო აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნები და განსაკუთრებით საუდის არაბეთი – გაუხსნიან თუ არა საჰაერო სივრცეს ისრაელისა და აშშ-ის თვითმფრინავებს?
„თუკი დაუთმობენ საჰაერო სივრცეს, როგორ შეაფასებს ამას ირანი? ჩაითვლება თუ არა ეს თანამონაწილეობად ომში ირანის წინააღმდეგ? მაშინ საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შესაძლოა დარტყმის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ“, – ამბობს ექსპერტი.
დამოუკიდებელი ანალიტიკოსი მაიკლ გოროვიცი რადიო თავისუფლებასთან [RFE/RL] საუბრისას არ გამორიცხავს მოლაპარაკებების გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ირანი სრულიად დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება – „მაგრამ ეს იქნება დიდი მარცხი ირანისთვის და საფრთხე მისი რეჟიმისთვის“. ამ წუთისთვის არსებული მდგომარეობით, ექსპერტი ფიქრობს, რომ ისრაელი და ირანი „ღია და ხანგრძლივი ომის“ ფაზაში შედიან.
ექსპერტები არ მოელიან, რომ საჰაერო დარტყმებს სახმელეთო ოპერაციაც მოჰყვება.
შემოკლებული ვერსია. სრულად წაიკითხეთ აქ: radiotavisupleba.ge
კომენტარები