საზოგადოებაკულტურასაბერძნეთი

საბერძნეთი: მიწისძვრებმა ათონის მთის მონასტრები დააზიანა

2025 წლის განმავლობაში საბერძნეთში არაერთი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლებმაც არა მხოლოდ მოსახლეობაში გამოიწვია შეშფოთება, არამედ დააზიანა ქვეყნის უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობა. ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ზონა აღმოჩნდა ათონის მთა, სადაც მართლმადიდებლური სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

2025 წლის 7-8 ივნისს საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისძვრები მოხდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერის, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალკედონის ნახევარკუნძულთან, ზღვის ზონაში, სამონასტრო თემის მთავარი დასახლებიდან – კარიედან (Καρυαί) 9 კილომეტრში დაფიქსირდა. კერის სიღრმე 12,5 კმ იყო. როგორც საბერძნეთის კულტურის სამინისტრო იუწყება, შაბათს, 7 ივნისს მომხდარმა მიწისძვრამ ზიანი მიაყენა მინიმუმ სამ ისტორიულ რელიგიურ ობიექტს.

დაზიანებული მონასტრებია:

  • ქსენოფონტეს მონასტერი – მე-10 საუკუნის ღირსშესანიშნავი ძეგლი, რომლის გუმბათებში შესამჩნევია დიდი ბზარები. ასევე, დაზიანებულია ფრესკები, რომლებსაც ჯერ კიდევ თებერვალში მომხდარმა მიწისძვრამ მიაყენა ზიანი.

  • დოქიარის მონასტერი – კიდევ ერთი უძველესი საეკლესიო ნაგებობა, სადაც ანალოგიური სტრუქტურული და მხატვრული დაზიანებები დაფიქსირდა.

  • სიმონოს პეტრას მონასტერი – მე-14 საუკუნის მონასტერში შედარებით მსუბუქი დაზიანებებია გამოვლენილი, თუმცა მაინც საჭიროებს შემდგომ მონიტორინგსა და რესტავრაციას.

საგანგებო ჯგუფი ადგილზე ჩავიდა

საბერძნეთის კულტურის მინისტრმა ლინა მენდონიმ განაცხადა, რომ არქეოლოგებისა და რესტავრატორების სპეციალური ჯგუფი უკვე მუშაობს ადგილზე, რათა შეფასდეს ზარალი და დაიგეგმოს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

რატომ არის მნიშვნელოვანი ათონის მთის მონასტრების უსაფრთხოება?

ათონის მთა (მთაწმინდა) საბერძნეთის მაკედონიის რეგიონში მდებარეობს და მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. მთაზე ფუნქციონირებს 20 მონასტერი, რომელთა უმრავლესობა ბიზანტიურ პერიოდშია დაარსებული და დღემდე ინახავს იშვიათ ხელნაწერებს, ფრესკებსა და არქიტექტურულ მემკვიდრეობას. ეს ტერიტორია ბიზანტიური ეპოქიდან მოყოლებული განსაკუთრებული ავტონომიით სარგებლობს.

მონასტრების სტრუქტურული დაზიანება არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისითაც არის საგანგაშო – თითოეული ეს მონასტერი წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც საბერძნეთს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close