13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

2015 წლის 13 ივნისს თბილისში ადიდდა მდინარე ვერე, რის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ტრაგიკული მოვლენები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ მდინარემ გვირაბის გარღვევა შეძლო და მტკვარს შეუერთდა.
წვიმა 13 ივნისს, საღამოს 10 საათზე დაიწყო. 14 ივნისს, 0:30-ზე მდგომარეობა საშიში გახდა.
განადგურდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.
წყალმა წაიღო საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა 200-მდე ოჯახი – 1000-მდე ადამიანი.
სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. დაიტბორა „მზიურის“ ტერიტორია.
ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ერთი ბეჰემოთი აღმოჩნდა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით ახალგაზრდა ჩაერთო. შიშველი ხელებით, ნიჩბებითა თუ ხელთათმანებით შეიარაღებულმა მოხალისეებმა დატბორილი ტერიტორიების გაწმენდა დაიწყეს.
მოხალისეთა ნაწილი სტიქიის ზონაში ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი კი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა.
კომენტარები