ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

ოჯახები მცირდება, ხელფასები უფასურდება – იტალიის სოციალური და ეკონომიკური „პორტრეტი“ 2025 წელს

ISTAT-ის ბოლო ანგარიში ადასტურებს: იტალია თანდათან ახალ რეალობაში შედის – მცირე ზომის ოჯახებით, შემცირებული შემოსავლებითა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზრდით.

ეკონომიკური არასტაბილურობა, მოსახლეობის დაბერება, განქორწინებების ზრდა და დაბალი შობადობა – ეს ყველაფერი იტალიური საზოგადოების ახალ სურათს ქმნის. ISTAT-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ქვეყანაში არსებითი ცვლილებები მოხდა როგორც სოციალურ სტრუქტურის მხრივ, ისე შრომის ბაზარზე და ცხოვრების დონესთან დაკავშირებით.

ეს მიუთითებს ოჯახის კონცეფციის სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე და ახალ საყოფაცხოვრებო წყობაზე, სადაც ტრადიციული მოდელი პოზიციებს თმობს.

მარტოხელები – იტალიის „ოჯახების“ უმრავლესობა

დღეს იტალიის ოჯახური მეურნეობების 36.2% მარტოხელა ადამიანისგან შედგება. შედარებისთვის, ბავშვიან წყვილთა წილი მხოლოდ 28.2%-ს შეადგენს. განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ხანდაზმულთა რაოდენობა, რომლებიც მარტო ცხოვრობენ: 75 წელზე უფროსი ასაკის იტალიელების თითქმის 40% მარტო ცხოვრობს, ოჯახის ან პარტნიორის გარეშე.
ხელახლა შექმნილი ოჯახები, მარტოხელა მშობლები და დაურეგისტრირებელი კავშირები დღეს აღარ განიხილება გამონაკლისად – ისინი სოციალურ ნორმად იქცა.

დასაქმების ფორმალური ზრდის მიუხედავად რეალური ხელფასები მცირდება

2019–2024 წლების პერიოდში რეალური შემოსავლების ხელშესახები ეროზიის პერიოდი გახდა. ISTAT-ის შეფასებით, საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა 10.5%-ით შემცირდა. კორექტირებული მაჩვენებლებიც კი კლებაზე მიუთითებს: საშუალოდ, 4,4%-ით ერთ დასაქმებულზე.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ რეალური შემოსავალი მცირდება, მაშინ როცა სამუშაო ადგილები იზრდება – განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და კვების ინდუსტრია.
შრომის პროდუქტიულობაც ეცემა: 2024 წელს ერთი დასაქმებულის შრომის პროდუქტიულობა 0.9%-ით შემცირდა, ხოლო ერთ სამუშაო საათზე – 1.4%-ით.

სიღარიბისა და სოციალური იზოლაციის საფრთხე ყოველი მეოთხე მოქალაქეს ეხება

იტალიის მოსახლეობის 23.1% სიღარიბის ან სოციალური იზოლაციის რისკის ქვეშ იმყოფება — თითქმის ყოველი მეოთხე. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ეს მაჩვენებელი თითქმის 40%-ს აღწევს.

ყველაზე მეტად საფრთხე ემუქრება ოჯახებს, სადაც ძირითადი შემომტანი 35 წლამდე ასაკისაა, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს (განსაკუთრებით – სამი ან მეტი შვილის შემთხვევაში) და ოჯახებს, სადაც ძირითადი შემოსავლის წყარო უცხოელია.
მატერიალური სიძნელეების ყველაზე გავრცელებულ გამოვლინებებს შორისაა: ერთკვირიანი შვებულების აღების შეუძლებლობა, მოულოდნელ ხარჯებთან გამკლავების შეუძლებლობას, ავეჯის გამოცლაზე უარის თქმა და დასვენების დროს გართობის ხარჯების გაღებაზე უარის თქმა.

ყოველი მეათე იტალიელი ექიმთან ვიზიტზე უარს ამბობს

ISTAT-ი მიუთითებს იმ ადამიანთა რიცხვის შემაშფოთებელ ზრდაზე, რომლებსაც არ შეუძლიათ სამედიცინო მომსახურების მიღება. 2024 წელს 9.9%-მა იტალიელმა განაცხადა, რომ მიუხედავად საჭიროებისა, ვერ/არ ეწვია ექიმს – ხშირ შემთხვევაში სისტემის გადატვირთულობისა ან ფინანსური პრობლემების გამო.

ეს მაჩვენებელი უკვე მესამე წელია იზრდება: 2023 წელს ის 7.5% იყო, ხოლო პანდემიამდე – 6.3%.

განათლება კვლავ სუსტ რგოლად რჩება

მხოლოდ 25-64 წლის იტალიელების 65.5% ფლობს, მინიმუმ, საშუალო სკოლის დიპლომს – ბევრად ნაკლები, ვიდრე გერმანიაში (83.1%) ან საფრანგეთში (83.7%).
ახალგაზრდების (25–34 წლის ასაკში) მხოლოდ 31.6%-ს აქვს უმაღლესი განათლება – რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის მიერ 2030 წლისთვის განსაზღვრულ მიზანს (45%).

ISTAT-ი ხაზს უსვამს, რომ განათლება რჩება ცხოვრების დონის გაუმჯობესების კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორად, თუმცა ამ ეტაპზე იტალია კვლავ ჩამორჩება საბაზო მაჩვენებლებით.

ახალი სოციალური ლანდშაფტი

ანგარიშში აღწერილი ცვლილებები ზედაპირული არ არის – ისინი ღრმად სისტემურია. დემოგრაფიული სტაგნაციის, ინფლაციის, ტერიტორიული განსხვავებებისა და ინსტიტუციური დატვირთულობის ფონზე ყალიბდება ახალი სოციალური რეალობა – ნაკლებად სტაბილური, უფრო დაუცველი და რთულად პროგნოზირებადი.

2025 წლის იტალია – ეს არის ქვეყანა, სადაც მყარი ქორწინება, ღირსეული შემოსავალი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა მხოლოდ მოსახლეობის ერთი ნაწილისთვისაა. დანარჩენები ადაპტირებას სწავლობენ მუდმივი გაურკვევლობის პირობებში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close