მსოფლიოპოლიტიკა

სკანდალი სომხეთში – პრემიერის თქმით, გარეგინ II-მ დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა და შვილი ჰყავს

სომხური სამოციქულო ეკლესია ჩვენი სულის სახლია და სასულიერო პირებმა, რომლებმაც დაარღვიეს უქორწინებლობის აღთქმა, უნდა დატოვონ ჩვენი სულის სახლი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა ეჭვქვეშ დააყენა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ლეგიტიმურობა და განაცხადა, რომ თუ დადასტურდება, რომ პატრიარქმა დაარღვია უქორწინებლბის აღთქმა და ჰყავს შვილი, მას არ შეუძლია იყოს სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაური.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ფაშინიანი ადასტურებს პატივისცემას პირადი ცხოვრების მიმართ, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი პირადი ცხოვრება არ შეიძლება გავრცელდეს კათოლიკოსზე, მისი რელიგიური როლის გათვალისწინებით.

ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ ეს არა მხოლოდ სულიერების, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიცაა.

„წმინდა ეჯმიაწინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა გარკვევით უნდა უპასუხოს კითხვას, დაარღვია თუ არა გარეგინ II-მ უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა მას შვილი? კითხვაზე პასუხი დაუყონებლივ უნდა გაეცეს“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

ამ საკითხზე ფაშინიანი 30 მაისიდან მოყოლებული არაერთ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ყველა სასულიერო პირმა, რომელიც დაარღვევს აღთქმას, უნდა დატოვოს საეკლესიო სამსახური.

ამ თემაზე სოციალურ ქსელში აქტიურობს ფაშინიანის ცოლი – ანა იაკობიანიც. მისი პოსტები აგრესიულია და უხამსიც კი. ერთ-ერთ პოსტში ის მიუთითებს „ქვეყნის პედოფილებზე“ და მათი ცხოვრების „ბნელ კუთხეებზე“, ხოლო პატრიარქ გარეგინს ქვეყნის მთავარ მაფიოზად მოიხსენებს.

სომხეთის ეკლესია, თავის მხრივ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს „ანტიეკლესიური კამპანიის წამოწყებაში“ ადანაშაულებს. სომხური მედიის თანახმად, 2 ივნისს წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის თავმჯდომარეობით უმაღლესი სასულიერო საბჭოს სხდომა გაიმართა.

უმაღლესმა სასულიერო საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეროვნული ღირებულებებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული პროცესები სავსეა დამანგრეველი შედეგებით და საფრთხეს უქმნის სომხეთის სახელმწიფოებრიობას.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და პრემიერ ფაშინიანს შორის უკვე წლებია, დაძაბული ურთიერთობებია.

მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ გარეგინ II ღიად მოუწოდებდა ნიკოლ ფაშინიანს, თანამდებობა დაეტოვებინა. ბოლო დღეებში კი ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა.

Facebook-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში ფაშინიანი წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს პატრიარქის არჩევაში.

„სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის არჩევაში. კათოლიკოსად არჩევის კანდიდატებმა უნდა გაიარონ წარსულის შემოწმება. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს“, – წერია პრემიერ-მინისტრის პოსტში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close