მსოფლიოსაზოგადოება

გერმანია: კიოლნის ცენტრი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა ამერიკული ბომბების გამო

გერმანიის ქალაქ კიოლნიდან 4 ივნისს (2025 წ.), დილით მასშტაბური ევაკუაცია დაიწყო – ყველაზე დიდი 1945 წლიდან, ძველი ქალაქი დაახლოებით 20 000-მა ადამიანმა დატოვა მის ტერიტორიაზე ნაპოვნი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 3 ამერიკული ავიაბომბის გამო.

მასშტაბური ოპერაცია ქალაქ კიოლნში

4 ივნისს, დილის 8 საათიდან კიოლნის ხელისუფლებამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რადგან დოიცის რაიონში, ყოფილი ნავსადგომის ტერიტორიაზე 3 ამერიკული ავიაბომბი აღმოაჩინეს, რომლებიც თავის დროზე არ აფეთქდა და ისევ საშიშროებას წარმოადგენდა. ორი ბომბიდან თითოეული 1 ტონას იწონიდა, მესამე კი – 500 კგ-ს და სამივე აღჭურვილი იყო სახიფათო დარტყმითი ამფეთქებლებით, რომლებიც სასწრაფო გაუვნებლებას საჭიროებდა.

ევაკუაციის ოპერაციამ რაინის ორივე ნაპირი მოიცვა.

დაიხურა 3 ხიდი, გაჩერდა მატარებლებისა და ტრამვაის მოძრაობა. რისკის ზონიდან გამოიყვანეს მოსახლეობა, პერსონალი და სტუმრები 58 სასტუმროდან, ერთი კლინიკიდან, 9 სკოლიდან, ხანდაზმულთა 2 სახლიდან, რამდენიმე საბავშვო ბაღიდან და ტელეარხ RTL-ის შტაბბნიდან.

დილის გადაცემა Punkt 7 შეწყდა, რათა მის თანამშრომლებს შენობა დაეტოვებინათ.

ხელისუფლების გეგმები

კიოლნის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციას უწოდა „ყველაზე მასშტაბური ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის შედეგ“. ადამიანებისთვის, რომელთა ევაკუაციაც გახდა საჭირო, შეიქმნა განთავსების დროებითი პუნქტები და გამოიყო სპეციალური ავტობუსები. მოქალაქეებს სთხოვეს (მოუწოდეს), დროებით დაეტოვებინათ საკუთარი სახლები. კიოლნის კათედრალი და მთავარი ვაგზალი ევაკუაციის ზონის მიღმა მდებარეობს, ამიტომ არ დაუკეტავთ.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავიდან გამნაღმველები შეეცდებიან ბომბების განაღმვას, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, მაშინ – დეტონირებას. ამისთვის საჭირო იქნება საკმარისი რაოდენობის წყლისა და სილის შეტანა ბომბების მდებარეობის რაიონში, რათა დეტონაციის დარტყმითი ტალღის ძალა შემცირდეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კიოლნი იყო პირველი გერმანული ქალაქი, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების „1000  ბომბდამშენის“ თავდასხმის ობიექტი გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს.

1942 წლის 30 მაისს, ერთ ღამეში ქალაქში 1400 ტონა ბომბები ჩაყარეს.

ითვლება, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში კიოლნში დაახლოებით 1,5 მლნ ბომბი ჩაყარეს, ექსპერტების შეფასებით, მათი 20% არ აფეთქდა და მიწაში ჩაფლული ეს ბომბები დღესაც საფრთხეს წარმოადგენს.

2024 წელს ქალაქში 31 აუფეთქებელი ბომბი იპოვეს და ხელისუფლებას 17-ჯერ მოუწია მოსახლეობის, მთლიანობაში 36 ათასი ადამიანის, ევაკუაცია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close