ჩეხეთში ქალი საკუთარ დაკრძალვაზე გაცოცხლდა

ჩეხეთის ქალაქ პლზენში უცნაური შემთხვევა მოხდა – 88 წლის ქალი, რომელიც გარდაცვლილად ითვლებოდა, მისი დაკრძალვის მზადებისას გაცოცხლდა. ამის შესახებ ჩეხური მედია იუწყება.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დილას მისმა პარტნიორმა ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვა და მაშინვე გამოიძახა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური. მედიკოსები ვერაფერს გახდნენ და სასამართლო ექსპერტმა ქალი გარდაცვლილად გამოაცხადა.
შემდეგ კი მოვლენები არაორდინარულად განვითარდა – დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები, რომლებიც ცხედარს დაკრძალვისთვის ამზადებდნენ, დაიზაფრნენ, როდესაც „მიცვალებულს“ სიცოცხლის ნიშნები შენიშნეს.
მოწმეების თქმით, ქალმა კუბოში თვალები გაახილა. ზოგიერთი თქმით, სუნთქვა იყო ის პირველი სასიცოცხლო ნიშანი, რამაც მათ ეჭვი გაუჩინათ და ქალი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც იგი ამჟამად რეაბილიტაციას გადის.
ინციდენტმა ადგილობრივი საზოგადოება შოკში ჩააგდო და პოლიციის გამოძიებაც დაიწყო – მიზანი იმ გარემოებების დადგენაა, რამაც ასეთი სერიოზული შეცდომა გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, არსებობს ვარაუდი, რომ ექსპერტმა ადგილზე სათანადო სამედიცინო ჩარევა არ განახორციელა, რამაც ხელი შეუწყო ქალის გარდაცვლილად გამოცხადებას.
კომპანიის წარმომადგენელმა, რომლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმაც დაადასტურა ქალის გარდაცვალება, სინანული გამოხატა და მკაცრი ზომების მიღების პირობა დადო, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
გადაუდებელი დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა მარტინ შტეპანმა (Martin Štěpán) განაცხადა: „გამოძახებაზე რეაგირება დილაადრიან მოხდა. ოპერატორი მკაცრად მიჰყვებოდა იმ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს, რომლებიც გარდაცვალების ეჭვის შემთხვევებში მოქმედებს. ექსპერტის გადაწყვეტილების შემდეგ ადგილზე სავალდებულო ღონისძიებები ჩატარდა და ქალი კლინიკაში გადაიყვანეს“.
პოლიციის წარმომადგენელმა მიხაელა რაინდლოვამ (Michaela Raindlová) აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და მომხდარის სამართლებრივი შეფასება ჯერ არ არის დასრულებული.
ნინო ხოშტარია
კომენტარები