იტალიასა და საქართველოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა

იტალიის დედაქალაქ რომში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშე ვლადიმერ ბორცვაძემ იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გამართეს მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში.
„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შეთანხმების შინაარსობრივი მხარე და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ იტალიურმა მხარემ თანამშრომლობისთვის სრული მზაობა გამოთქვა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მრავალი წელია, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკების პროცესი ზემოხსენებული შეთანხმების გაფორმების მიზნით.
ამასთან, საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთსა და ირლანდიასთან“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტმა „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ამავე თემაზე: ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა შესაძლებელი გახდა
კომენტარები