
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 7 მლრდ აშშ დოლარად აფასებს პირველ ივნისს მტრის სტრატეგიული ავიაციის უკრაინული დრონებით დაზიანებას რუსეთის აეროდრომებზე.
7 მლრდ აშშ დოლარი – ასეთია დაახლოებით საორიენტაციო ღირებულება მტრის სტრატეგიული ავიაციისა, რომელიც განადგურდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ პირველ ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცია „ობობას ქსელის“ შედეგად.
დაზიანებულია ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მატარებლების 34% ბაზირების ძირითად აეროდრომებზე რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1-ელ ივნისს რუსეთში მასობრივად იწვოდა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დრონებით შეუტია რუსეთის აეროდრომებს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ 40-მდე თვითმფრინავი განადგურდა, მათ შორის, სტრატეგიული ბომბდამშენები.
მოგვიანებით რუსულმა მედიამ და რუსმა პროპაგანდისტებმა დაწერეს, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ბენზინგასამართ სადგურებზე გაჩერებული სატვირთო მანქანებიდან აფრინდნენ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე სტრატეგიულ ავიაციაზე თავდასხმისთვის.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაცია „ობობას ქსელი“, რომლის შედეგადაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული სტრატეგიული ავიაციის 41თვითმფრინავი გაანადგურა, წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა ხუთ რეგიონში სამხედრო აეროდრომებზე უპილოტო საფრენი აპარატების – FPV-დრონების გამოყენებით და თავდასხმაში „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს შეერთებული შტატებისთვის არ უცნობებია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაგეგმილი ათობით რუსული თვითმფრინავის განადგურების ოპერაციის შესახებ.
კადრებში, რომლებიც უკრაინულმა მხარემ გაავრცელა, ჩანს, როგორ ფეთქდება რუსულ სამხედრო აეროდრომებზე ერთმანეთის მიყოლებით თვითმფრინავები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა, რომ ოპერაციას ბრწყინვალე შედეგი მოჰყვა.
„აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგია, უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი. ერთი წელი, 6 თვე და 9 დღე – დაგეგმვის დაწყებიდან ეფექტიან რეალიზაციამდე. ჩვენი ყველაზე შორი რადიუსის ოპერაცია. ჩვენი ხალხი, რომლებიც ოპერაციას ამზადებდნენ, დროულად გამოიყვანეს რუსეთის ტერიტორიიდან“.
საღამოს თავის მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ მთლიანობაში ოპერაციისთვის 117 დრონი გამოიყენეს, ხოლო ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის გვერდით ერთ-ერთ ოლქში.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, დრონები შენიღბული იყო სპეციალურად გადაკეთებულ სატვირთო მანქანებში, რომლებიც რუსეთის სამხედრო აეროდრომებს უახლოვდებოდნენ.
„ჩიტებით“ „აღჭურვილ“ სატვირთო მანქანებს სოციალურ ქსელებში უკვე უწოდეს „XXI საუკუნის ტროის ცხენები“, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვასილი მალიუკს – სატვირთო მანქანის საუკეთესო მძღოლი.

აღსანიშნავია, რომ ოპერაცია „ობობას ქსელი“ რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის დღეს განხორციელდა
უკრაინელებმა, აგრეთვე, ააფეთქეს 2 ხიდი რუსეთში, კურსკსა და ბრიანსკში. დაღუპულია, სულ ცოტა, 7 ადამიანი. რუსული სააგენტო ТАСС-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიანსკში აფეთქებული ხიდი სპეციალისტებმა ასაფეთქებლების გამოყენებით მთლიანად დაანგრიეს, რადგან აღდგენას არ ექვემდებარებოდა.
ბრიანსკში ხიდის აფეთქებისას, როგორც ჩანს, მის ქვეშ სამგზავრო მატარებელი გადიოდა, რომელიც გადაბრუნდა. დაიღუპა, სულ ცოტა, 7 ადამიანი, 70-მდე კი დაშავდა.
რუსეთის მხარემ ამ ინციდენტებს ტერორისტული აქტების კვალიფიკაცია მისცა და გამოძიება შესაბამისი მუხლით დაიწყო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია „ობობას ქსელი“ ზუსტად სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინა დღეს განხორციელდა.
როგორც ცნობილია, 2 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა და მას ომის დასრულების პერსპექტივის მხრივ არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით ტყვეების გაცვლაზე შეთანხმებას ფორმატით 1000 – 1000-ზე.
სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, 2 ივნისს მოლაპარაკება რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის 13:00 სთ-ზე დაიწყება სტამბოლის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს „ჩირაგანის“ სასახლეში.
ნანა ძნელაძე
კომენტარები