
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერი“ დაამარცხა გამანადგურებელი ანგარიშით – 5:0 და ისტორიაში პირველად უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გახდა. „პსჟ-ის“ 5-გოლიან გამარჯვებაში თავისი წვლილი ერთი გოლით (73-ე წუთზე) კვარამაც შეიტანა და პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის შემდეგ, რომელმაც „ჩემპიონთა ლიგა“ მოიგო.
ფინალური შეხვედრა მიუნხენის ალიანც-არენაზე „პსჟ-მა“ აქტიურად დაიწყო – სწორედ კვარაცხელიამ წამოიწყო შეტევა, რომელიც მე-12 წუთზე აშრაფ ჰაკიმის გოლით დაგვირგვინდა და ანგარიში 1:0 გახდა პარიზელების სასარგებლოდ.
მე-18 წუთზე კვარაცხელიამ გოლის გატანა თავადაც სცადა სწრაფი კონტრშეტევით, თუმცა კარს მცირედით ააცილა. მალევე მისი წამოწყებული კონტრშეტევა კვლავ გოლით დასრულდა მე-20 წუთზე – უსმან დემბელეს გადაცემა დეზირე დუემ კარგად გამოიყენა და „ინტერის“ კარი აიღო. ანგარიში 2:0 გახდა და პირველ ტაიმში აღარ შეცვლილა – „პსჟ“ შესვენებაზე საკმაოდ დიდი უპირატესობით გავიდა.
შესვენების შემდეგ „ინტერმა“ შეტევები გააძლიერა, თუმცა თამაშს კვლავ პარიზელები აკონტროლებდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ორჯერ სცადა გატანა, თუმცა ორივეჯერ კარს ააცილა.
63-ე წუთზე სწრაფ კონტრშეტევაზე „პსჟ-ის“ 19 წლის ფორვარდმა დეზირე დუემ მეორედ აიღო მეკარე იან ზომერის კარი და ანგარიში 3:0 გახადა.
73-ე წუთზე კი თავისი შანსი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიყენა – უსმან დემბელეს შესანიშნავი გადაცემით იგი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მარცხენა ფეხით დაარტყა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში და ანგარიში 4-მდე გაზარდა. ამ გოლით, როგორც აღვნიშნეთ, კვარაცხელიამ ისტორია დაწერა – იგი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. აქვე ვიტყვით, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წწ. სეზონში კვარაცხელიამ „პსჟ-ის“ შემადგენლობაში 9 შეხვედრაში ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
84-ე წუთზე, როდესაც მატჩის ბედი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო, ლუის ენრიკემ 3 ფეხბურთელი შეცვალა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაც (კვარას ნაცვლად მოედანზე გონსალუ რამუში გამოვიდა).
ფაბიან რუისის ნაცვლად შემოსულმა „პსჟ-ის“ ნახევარმცველმა სემი მაიულუმ კი მალევე, 86-ე წუთზე გაიტანა „ინტერის“ კარში კიდევ ერთი, მე-5 გოლი და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები