„ჰარი პოტერის“ სატელევიზიო სერიალისთვის £1-მილიარდიანი მინი ქალაქი შენდება – როგორ გამოიყურებიან მთავარი როლის შემსრულებლები

ჯოან როულინგის საკულტო წიგნის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ გამოშვებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ HBO-მ მაგიური სამყაროს ახალი ადაპტაცია – სატელევიზიო სერიალი დააანონსა. ჰარი პოტერის შესახებ დაწერილი შვიდი წიგნი შვიდ სეზონად იქცევა. სერიალის გადაღებები 2025 წლის ზაფხულში დაიწყება და HBO Max-ზე 2026 წელს გამოვა.
ახალი ადაპტაცია კლასიკური წიგნების ახალი თაობისთვის გაცოცხლებას ემსახურება, ამჯერად სერიალის ფორმატში, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად ჯოან როულინგი იქნება. სერიალში ჰარის, რონისა და ჰერმიონის მთავარი როლებისთვის მსახიობები უკვე შეირჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰარი პოტერის როლს დომინიკ მაკლაფლინი შეასრულებს, ჰერმიონ გრეინჯერისას კი – არაბელა სტენტონი, ხოლო რონ უისლის ალასტერ სტაუტი განასახიერებს.
„ჰარი პოტერის“ მაგიურ სამყაროს ახალი ადაპტაციის გადასაღებად კი კინოკომპანია „ვორნერ ბროსი“ ინგლისში ახალ, მთლიანად ფუნქციურ მინი ქალაქს ააშენებს და ამისთვის 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს დახარჯავს. სტუდიაში უკვე მოეწყო როგორც ახალი გზები, ისე მრავალსართულიანი შენობები და საპარკინგე სივრცეები.
გავრცელებული ინფორმაციით, Warner Bros. სერიალის მცირეწლოვანი მსახიობებისთვის გადასაღებ მოედანზე სასკოლო დაწესებულებასაც გახსნის, სხვადასხვა სცენაში მონაწილე ცხოველებისთვის კი ვეტერინარული სივრცე მოეწყობა.
„ჰარი პოტერი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის 87 ენაზეა ნათარგმნი და 600 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული მთელ მსოფლიოში. შვიდწიგნეულის მიხედვით გადაღებული რვავე ფილმის შემოსავალმა მთლიანობაში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები