აშშ-იდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მინისტრის მოადგილე დახვდათ (ვიდეო)

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა.
ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მზად არის, სამშობლოში დაბრუნებულ ადამიანებს დახმარება გაუწიოს.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, ყველა დეპორტირებული საქართველოს მოქალაქის საბუთებს „ინდივიდუალურად განიხილავენ და შესაბამის დახმარებას გაუწევენ“:
„იმისთვის, რომ სწრაფად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ღირსეულად დასაქმდნენ და აქ, საქართველოში შექმნან თავიანთი მომავალი. არ იფიქრონ იმაზე, რომ არალეგალურად თუ ლეგალურად გადაიხვეწონ საქართველოდან და იქ ეძებონ უკეთესი ხვედრი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფაქტის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ ჩამოდიან დეპორტირებული მოქალაქეები თვითმფრინავის ტრაპზე.
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს. გიორგი ცაგარეიშვილმა დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მხარდაჭერა, რათა ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება სამშობლოში“, – წერია სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე: რამდენი ქართველი ექვემდებარება აშშ-იდან დეპორტაციას?
კომენტარები