ფსიქოლოგიარჩევები

თქვენი შვილის ნათქვამზე მძაფრი რეაქცია გაქვთ? – 10 კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მშობლებს

ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით უამრავი საკითხი იჩენს თავს. სტრესი, დაღლილობა, დროის ნაკლებობა, დაძაბულობა და ა. შ. – ეს არის ის პრობლემები, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები მათი აღზრდისას აწყდებიან. ბავშვის აღზრდა რთული ამოცანაა, რომლის დროსაც მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს. ბავშვებმა უნდა იგრძნონ მშობლების სიყვარული, თუმცა მათ ასევე უნდა დააწესონ გარკვეული საზღვრები და დამოუკიდებლად განავითარონ საკუთარი პიროვნება.

ზრდასრულთა და მოზარდთა პრაქტიკოსმა-ფსიქოთერაპევტმა ეკა ჩემიამ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მშობლებს შეცდომების აღიარება-მიღებას და ამ შეცდომების ანალიზით უკეთესი რეალობის შექმნას ასწავლის.

ფსიქოთერაპევტი გვირჩევს, 10 კითხვა დავუსვათ შვილებს, რომლებიც დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მშობლებს:

„ეს არ არის ტესტი და არც შეფასება. ეს არის „თბილი მიწვევა დიალოგისკენ – იმისთვის, რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და დავინახოთ ურთიერთობაში ის ნიუანსები, რომლებიც ხანდახან ყურადღების მიღმა გვრჩება.

კითხვები განკუთვნილია 5-იდან 10 წლის ასაკის ბავშვებისთვის.

რეკომენდაციები გამოყენებისას:

• არ დაუსვათ ყველა კითხვა ერთდროულად.
• თავი შეიკავეთ კრიტიკისგან – მიზანი ბავშვის სიღრმისეული გაგებაა და არა –  პასუხების „გასწორება“.
• გახსოვდეთ: თქვენ ხართ საუკეთესო მშობელი თქვენი შვილისთვის.

კითხვები ბავშვისთვის დასასმელად:

1. როგორ დაახასიათებდი შენს დედას ან მამას სამი სიტყვით?!
პასუხით თქვენ გაიგებთ, რა თვისებებს ანიჭებს ბავშვი უმაღლეს მნიშვნელობას.

2. როდის ან რისი კეთება მოგწონს ყველაზე მეტად ჩემთან ერთად?
პასუხით ხედავთ, რა დროს რა სახის აქტივობებს აფასებს ის ურთიერთობაში.

3. ჩვენთან დაკავშირებული რა მომენტი გახსენდება ყველაზე ხშირად?
პასუხი აჩვენებს, რომელმა გამოცდილებამ დატოვა მასზე ღრმა ემოციური კვალი.

4. წარმოიდგინე, რომ ჯადოსნური ჯოხი გაქვს – რას შეცვლიდი ჩემში?
პასუხით ბავშვს ეძლევა შანსი უსაფრთხოდ დააფიქსიროს თავისი საჭიროებები.

5. რჩევა რომ მოგვცე, რა იქნებოდა?
პასუხით აღმოაჩენთ, თუ როგორ აღიქვამს თქვენს გადაწყვეტილებებს და დამოკიდებულებას მის მიმართ.

6. ოჯახში რომელმა მომენტმა გაგრძნობინა თავი ბედნიერად, ამაყად?
ამ პასუხით აღმოაჩენთ თქვენ შორის არსებულ დადებით კავშირებს. რას და როგორ უკავშირდება ის.

7. მომიყევი, როდის გაგაკვირვა დედამ ან მამამ?
პასუხი გაჩვენებთ, რა აღიქვა ბავშვმა მოულოდნელად ან საინტერესოდ.

8. როდის გრძნობ, რომ ვამაყობ შენით?
პასუხი გამოააშკარავებს მის წარმოდგენებს მხარდაჭერასა და მიღებაზე.

9. შენი აზრით, როდის ვართ ჩვენ, ოჯახი ყველაზე ბედნიერები?
პასუხი გაჩვენებთ ბავშვის მიერ აღქმულ ემოციურ ატმოსფეროს.

10. სად ხედავ ჩვენს ოჯახს 10 წლის შემდეგ?
ამ კითხვაზე პასუხით შევდივართ ბავშვის წარმოდგენილ მომავალში.

ეს დიალოგები დაგეხმარებათ:

• დაინახოთ საკუთარი თავი ბავშვის თვალით;
• გააძლიეროთ ურთიერთობები;
• შექმნათ მეტი სანდოობა და ღიაობა ოჯახში.
გახსოვდეთ: მთავარი მიზანი არ არის პასუხების „გაგება“, მიზანია ურთიერთობის გაღრმავება“, – წერს ეკა ჩემია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close