
იტალიის სასაზღვრო პოლიციისა და საბაჟო სააგენტოს ოფიცრებმა მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად გენუის პორტში, აგურებით დატვირთულ კონტეინერებში დამალული დაახლოებით 140 კილოგრამი სუფთა ჰეროინი ამოიღეს. ინფორმაცია იტალიის სახელმწიფო პოლიციამ გაავრცელა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
აგურებით დატვირთული 10 კონტეინერი ახლო აღმოსავლეთიდან, ირანიდან შევიდა იტალიურ პორტში და მათი ტრანსპორტირება პოლონეთსი, ვარშავაში უნდა მომხდარიყო.
პოლიციის განცხადებით, უწყებათაშორისმა გამოძიებამ ტვირთი საეჭვოდ მიიჩნია, მაგრამ თავდაპირველად სკანირების ხელსაწყოებით ჩატარებულმა შემოწმებამ საეჭვო ვერაფერი გამოავლინა.
თუმცა იტალიელმა სამართალდამცველებმა, ევროპული სააგენტო Frontex-ის თანამშრომლებთან ერთად, უჩვეულო ინტუიცია და საგამოძიებო შეუპოვრობაა გამოავლინეს, მაინც განაგრძეს შემოწმება და მთელი პარტია, 60 000 აგური სათითაოდ, გულდასმით დაათვალიერეს.
მათ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიშნები აღმოაჩინეს ზოგიერთი აგურის კუთხეებზე, რომლებიც პალეტების ცენტრში იყო მოთავსებული. ეს აგურები თავდაპირველი შემოწმებისას შეუმჩნეველი დარჩა.
როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა აგურების ნიშნების გამოკვლევა დაიწყეს და საეჭვო აგურები გატეხეს, შიგნით პლასტმასის პაკეტებში დაფასოებული ნარკოტიკები აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, პაკეტები აგურების წარმოებისას ცემენტის ნაზავში დამალეს.
აგენტები სამი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხელით დაამტვრიეს ყველა აგური და ჰეროინის 500-ზე მეტი შეკვრა აღმოაჩინეს, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 275 გრამს იწონიდა.
პოლიციის განცხადებით, „შემოქმედებითი გულმოდგინება“, რომლითაც აგურები იყო შეფუთული, ადასტურებს, რომ ჰეროინის კონტრაბანდისტი „საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაცია“ დახვეწილი მეთოდებით მოქმედებდა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები