29 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულია – რომელი ლოცვა უნდა წარმოვთქვათ

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.
აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან ქრისტე 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“(იმართება ქრისტეს აღდგომის 50-ე დღეს). ქრისტე მოწაფეთა თვალწინ გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად.
გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიან, მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“
ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს ყველას – უფალი ჩვენთანაა და არასოდეს მიგვატოვებს.
ლოცვა, რომელიც ამაღლების დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ
ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
კონდაკი: ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.
კონდაკი: სრულ-ჰყავ რა ცხოვრებაი ჩუენი და ზეცისათა შეაერთე ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები საქართველოში
საქართველოს მთიან რაიონებში ამაღლება ემთხვევა დიდ დღეობას, რომელიც საქონლის სოფლიდან ალპურ საძოვრებზე გადარეკვასთანაა დაკავშირებული. ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს წარმართულ სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებას, ბარაქიანობას და სხვა.
კომენტარები