
28 მაისს გერმანიის მთავრობას წარედგინება კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეობის მიღების დაჩქარებულ პროცედურას გააუქმებს. „სამი წელი ინტეგრაციისთვის ძალიან მცირე პერიოდია“, – განაცხადა გერმანიის ახალი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა.
დობრინდტი ქვეყნის მთავრობას წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც „შუქნიშნების კოალიციის“ მიერ შემოღებული დაჩქარებული ნატურალიზაციის გაუქმებას ითვალისწინებს. „[გერმანიაში] სამწლიანი ცხოვრების შემდეგ სწრაფი ნატურალიზაცია შეცდომა იყო. ჩვენ ამას ახლავე დავასრულებთ. გერმანიის მოქალაქეობა ინტეგრაციის პროცესის ბოლოს უნდა ენიჭებოდეს და არა – დასაწყისში“, – განაცხადა დობრინდტმა გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუში, რომელიც სამშაბათს, 27 მაისს გამოქვეყნდა.
სამი წელი ძალიან მცირე პერიოდია იმისათვის, რომ უცხოელმა გერმანიის ცხოვრების პირობებთან ინტეგრაცია მოასწროს, ხაზგასმულია კანონპროექტში, რომელიც სამთავრობო კაბინეტს 28 მაისს წარედგინება.
დობრინდტი იმედოვნებს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას შეამცირებს. „სწრაფმა ნატურალიზაციამ დამატებითი ცრუ სტიმულები შექმნა არალეგალური მიგრაციისთვის. ჩვენ ამ მიზიდულობის ფაქტორებს ვანეიტრალებთ“, – განაცხადა მან.
გერმანიის მოქალაქეობის მოთხოვნა 3 წელიწადში აღარ იქნება შესაძლებელი
მოქალაქეობის დაჩქარებულად მიღების უფლების გაუქმება ჩაწერილია ქრისტიანული პარტიების ბლოკს (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატებს (SPD) შორის დადებულ კოალიციურ შეთანხმებაში. სოციალ-დემოკრატების, მწვანეთა და ლიბერალების წინა მთავრობის მიერ მიღებული რეგულაცია 2024 წლის ივნისში ამოქმედდა. ამ რეგულაციის თანახმად, გერმანიის მოქალაქეობის მიღება ზოგჯერ არა ხუთ, არამედ სამ წელიწადშია შესაძლებელი „განსაკუთრებით დადებითი ინტეგრაციული მიღწევების“ შემთხვევაში.
რამდენად სწრაფად შეიტანს მმართველი კოალიცია ცვლილებებს კანონმდებლობაში და როგორი იქნება ცვლილებები? – ეს კითხვა ჯერჯერობით ღიად რჩება. კანონის ძალაში შესვლას საკმაო დრო დასჭირდება. ის არა მარტო ბუნდესტაგმა, არამედ ბუნდესრატმაც (გერმანიის ფედერალური მიწების წარმომადგენლობა) უნდა დაამტკიცოს. წინა ჯერზე პროცედურას დაახლოებით 10 თვე დასჭირდა.
ნინო ხოშტარია
ადრე ვწერდით, რომ გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებაზე შეთანხმება მიღწეულია
გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებაზე შეთანხმება მიღწეულია
კომენტარები