
პრემიერ ლიგაში „ლივერპულის“ გამარჯვების მასობრივი ზეიმის დროს ლივერპულის ცენტრში საგანგებო შემთხვევა მოხდა. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, უოტერ სტრიტის ტერიტორიაზე მანქანა მაღალი სიჩქარით ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად 50-ზე მეტ ადამიანს მოუწია საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების მიღება. „ბიბისის“ ცნობით, 11 ადამიანი ამ დროისთვის ისევ კლინიკაში იმყოფება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.
Sky News-ის ცნობით, ინციდენტის დროს კლუბის ათასობით გულშემატკივარი ქალაქის ცენტრში იყო შეკრებილი, რათა გუნდის ისტორიაში მე-20 ჩემპიონობა აღენიშნათ.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 53 წლის ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც, პირველადი შეფასებით, მანქანას ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მართავდა.
„ჩვენთან ზარი 18:00 საათზე [26 მაისს] შემოვიდა. გვაცნობეს, რომ უოტერის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ადამიანებს დაეჯახა. დაკავებულია 53 წლის თეთრკანიანი ბრიტანელი მამაკაცი ლივერპულის რეგიონიდან მერისაიდიდან“, – განაცხადეს პოლიციაში.
სამართალდამცავები ინციდენტს არ განიხილავენ, როგორც ტერორისტულ აქტს.
ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ეჭვმიტანილმა მძღოლმა შეძლო უკან გაჰყოლოდა სასწრაფო დახმარების მანქანას, რომლის გამოც შეკრებილი მოზეიმე ხალხის დასაცავად დაბლოკილი გზა გაიხსნა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი გულშემატკივარი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
მომხდარს გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც.
„ლივერპულში მომხდარი ამბავი საშინელებაა – ფიქრებით ყველა დაშავებულთან და დაზარალებულთან ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას და საგანგებო სამსახურს ამ შოკისმომგვრელ ინციდენტზე სწრაფი რეაგირებისთვის“, – აღნიშნულია სტარმერის განცხადებაში.
ნანა ძნელაძე
კომენტარები