ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

„მანიაკალური მკვლელის კულტის” ლიდერი, საქართველოს მოქალაქე ექსტრადირებულია აშშ-ში – ვინ არის 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 23 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე, თბილისელი 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, აგრეთვე, ცნობილი, როგორც „მიშკა“, „ყასაბი მეთაური“ და „მეთაური“, 22 მაისს ექსტრადირებული იყო მოლდოვიდან აშშ-ში.

ის 23 მაისს ბრუკლინში მდებარე ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება. მისი ერთ-ერთი გეგმა ახალი წლის ღამეს მოწამლული ტკბილეულის დარიგებას ითვალისწინებდა.

„თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა დაჯგუფების „მანიაკალური მკვლელობის კულტის“ ლიდერი სხვებს ქირაობდა ებრაული თემისა და რასობრივი უმცირესობების ასაფეთქებლად და მოსაწამლავად“, – ვკითხულობთ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ჩხიკვიშვილი მოლდოვის დედაქალაქში დააკავეს 2024 წლის ივლისში, მას მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წაქეზებაში ედება ბრალი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჩხიკვიშვილი, „თეთრი რასის უპირატესობის“ მომხრე იყო და აღმოსავლეთ ევროპაში „მანიაკალური მკვლელობის კულტის“ სახელწოდებით ცნობილ სასტიკ საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამ დაჯგუფებას ასევე უწოდებენ „მანიაკებს“, MKY-ს, MMC-სა და MKU-ს.

სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, MKY-ს იდეოლოგიის მსახურებისთვის ძალადობრივი ქმედებების ჩასადენად ჩხიკვიშვილი ხალხს ქირაობდა, მათ შორის, მასობრივი მსხვერპლის გამომწვევი თავდასხმების დასაგეგმავად და ჩასადენად ქალაქ ნიუ იორკში.

„ეს შემთხვევა არის იმის სასტიკი შეხსენება, რა სახის ტერორიზმის წინაშე ვართ დღეს: ონლაინ ქსელებით ხდებოდა ენით აუწერელი ძალადობის აქტების დაგეგმვა ბავშვების, ოჯახებისა და ებრაული თემების წინააღმდეგ ამორალური, ექსტრემისტული იდეოლოგიის მსახურებისთვის” – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა პამელა ბონდიმ – „იუსტიციის დეპარტამენტი არ მოითმენს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს და ჩვენ განვახორციელებთ იმ პირების დევნას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა: „მოპასუხეს ბრალად ედება სხვების დაქირავებაში ებრაელების დასახოცად, რასობრივი უმცირესობების დასახოცად და ინსტრუქციების მიცემაში სხვა სასიკვდილო თავდასხმების განსახორციელებლად – მათ შორის არდადეგებზე ბავშვების ტკბილეულით მოსაწამლავად. ეს არის საზარელი ბრალდებები და FBI-სა და მოლდოვის ხელისუფლების მუშაობისა და პარტნიორობის წყალობით, მიხეილ ჩხიკვიშვილი ჩამოყვანილია აშშ-ში ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში პასუხისგებისთვის”.

ნიუ-იორკის აღმოსავლეთ რაიონის პროკურორმა ჯოზეფ ნოჩელამ განაცხადა, რომ მიხეილ ჩხიკვიშვილი აპირებდა მასობრივი მკვლელობების მოწყობას საწამლავის, თვითმკვლელი ბომბების, ცეცხლსასროლი იარაღის, ხანძრისა და ავტომობილის აფეთქებით. ნოჩელას თქმით, 22 მაისის ექსტრადიცია არის „გიგანტური ნაბიჯი“ ჩხიკვიშვილის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად: „ჩვენი სამშობლოს, ქალაქის, რაიონისა და ქვეყნის დაცვა ძალადობრივი ექსტრემისტებისგან ყოველთვის იქნება იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩემი უწყების უმთავრეს პრიორიტეტებს შორის“.

ჩხიკვიშვილს სურდა, რომ მის მიერ დაგეგმილი თავდასხმები ყოფილიყო „ბრეივიკის მოქმედებაზე დიდი“ – გულისხმობდა ანდრეს ბრეივიკს, ნორვეგიელ ნეონაცისტს, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი დახოცა აფეთქებითა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close