
პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში რუსეთიდან იმპორტირებული კიტრის დიდი რაოდენობაა შესული.
გამოცემა Eadaily-ს ინფორმაციის თანახმად, რომელიც პოლონურ მედიაში გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა, 2025 წელს რუსეთიდან პოლონეთში კიტრის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა და უკანასკნელ ოთხ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზი მარტივია – რუსი ფერმერების მიერ შეთავაზებული ხელსაყრელი ფასი.
„გასაკვირია, რომ სანქციებისა და ორ ქვეყანას შორის გამძაფრებული მტრობის მიუხედავად ვაჭრობა არა თუ შეჩერდა, არამედ ყვავის. ეს მთელი ევროკავშირის პრობლემაა“, – ციტირებს Eadaily ერთ-ერთ პოლონურ გამოცემას.
პოლონეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და საკვების ხარისხის ინსპექციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც პოლონელებისა და რუსების ბიზნესურთიერთობა „სხვა ქვეყნებიდან ახალი ბოსტნეულის გაყიდვის ცდუნებად“ დაახასიათა. ინსპექციის თანახმად, 2025 წლის იანვრიდან მარტამდე რუსეთიდან იმპორტირებული კიტრის 125 პარტია, მთლიანობაში 2 ათასი ტონა კიტრი, შემოწმდა. კიტრის ყველა პარტია კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
როგორც Eadaily წერს, ანალოგიური ვითარებაა ბალტიის ქვეყნებში. ლატვიის აგროკოოპერატივის ხელმძღვანელმა იანის ბუშსმა განაცხადა, რომ: „იქმნება გამოუვალი მდგომარეობის განცდა, როდესაც აგრესორი ქვეყნის პროდუქცია თავისუფლად ვრცელდება მთელ ევროპაში, ყოველგვარი წესების, მორალის გარეშე“.
მისი თქმით, მიმდინარეობს დისკუსია, თუ როგორ დაუჭირონ მხარი უკრაინას, თუმცა, ამავდროულად რუსეთთან მშვიდობიანი ვაჭრობაა გაჩაღებული, რაც სრული აბსურდია.
ევროსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში რუსეთმა ლიდერის პოზიცია დაიკავა პოლონეთში კიტრის იმპორტიორებს შორის 83%-იანი მაჩვენებლით. პოლონეთში იმპორტირებული კიტრის დანარჩენი ნაწილი მოდის თურქეთზე (241 ათასი ევრო), ბელარუსსა (194 ათასი ევრო) და უკრაინაზე (79 ათასი ევრო). მთლიანობაში მარტში პოლონეთში კიტრის იმპორტმა თანხობრივი მაჩვენებლით €3,25 მლნ ევრო შეადგინა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები