უშბაზე ექსპედიციის დროს ქართველი ალპინისტი დაიღუპა

უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა. როგორც ირკვევა, უბედური შემთხვევა დაშვებისას მოხდა. 29 წლის ნიკო ფალიანი იყო მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადავარდა.
უწყების ცნობით, თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
„მეხანძრე-მაშველებმა 3600 მეტრის სიმაღლეზე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 3 პიროვნება უვნებლად აიყვანეს ვერტმფრენში და გარდაცვლილის ცხედარი ნახეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მესტიაში გადაასვენეს.
როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.
„დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ უშბაზე ექსპედიციის დროს ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ისე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას. ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან“, – აღნიშნულია Adrenaline-ის სამძიმრის ტექსტში.
კომენტარები