მსოფლიოპოლიტიკა

ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალა

ვინც უკვე სწავლობს ჰარვარდში, სხვა უნივერსიტეტში უნდა გადავიდეს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრესტიჟულ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალა. შესაბამისი სერტიფიკატი უნივერსიტეტს  22 მაისს გაუუქმა შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა, რომელმაც ჰარვარდი „ძალადობისა და ანტისემიტიზმის წახალისებაში“ და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ხუთშაბათს, 22 მაისს გაზეთმა The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ კამპუსში შექმნა სახიფათო ვითარება, „ანტიამერიკელ და პროტერორისტულ აგიტატორებს“ მისცა ძალადობის შესაძლებლობა ცალკეულ პირებზე, მათ შორის, ებრაელ სტუდენტებზე და სასწავლებლად მიიღო წარმომადგენლები ჩინეთის კომუნისტური პარტიის იმ გასამხედროებული დაჯგუფებიდან, რომელიც უიღურების გენოციდშია გარეული.

ამიერიდან ჰარვარდის უნივერსიტეტი, რომელიც პრესტიჟულ ამერიკულ „აივი ლიგაში“ (The Ivy League) შედის, ვეღარ შეძლებს, უცხოელ სტუდენტებს მისცეს დოკუმენტები აშშ-ში სასწავლო ვიზის მოსაპოვებლად, ხოლო ის უცხოელები, რომლებიც ჰარვარდში უკვე სწავლობენ, სხვა უნივერსიტეტებში უნდა გადავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ში ლეგალურად ყოფნის უფლებას დაკარგავენ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებას უკანონო და შურისძიების მსგავსი უწოდა, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი მისიის ძირგამომთხრელ ქმედებად შეაფასა.

ამჟამად ჰარვარდში თითქმის 7000 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს 140 ქვეყნიდან, რაც მისი სტუდენტების საერთო რაოდენობის მეოთხედზე მეტია.

ჰარვარდმა უარყო აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნები

ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი ფედერალური გრანტები 2,2 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში გაყინეს. დაფინანსების განახლებისთვის კი უმაღლეს სასწავლებელს მოსთხოვეს შეემუშავებინა უარის თქმის სისტემა იმ უცხოელი სტუდენტებისთვის, „რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი ამერიკული ღირებულებებისა და ინსტიტუტების მიმართ“, აგრეთვე, გარედან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით ჩაეტარებინა არსებული პროგრამების აუდიტი ანტისემიტიზმსა და სიძულვილის გაღვიძების სხვა ფორმებზე. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და აშშ-ის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა საჩივარი დაფინანსების აღდგენის მოთხოვნით.

აპრილის ბოლოს ჰარვარდის უნივერსიტეტმა ორი ანგარიში გააკეთა – ერთი ანტისემიტიზმზე და კამპუსში ანტიისრაელურ განწყობებზე, მეორე – ანტიისლამიზმზე. ორივე ანგარიშის ავტორები კრიტიკულ შეხედულებებს გამოთქვამენ კამპუსში არსებულ კულტურასა და შექმნილ სიტუაციაზე. ამასთან, მათი აზრით, უმაღლეს სასწავლებელში აუცილებელი რეფორმები უნდა ჩატარდეს „შიდა პროცესებზე დაყრდნობით და თავად ჰარვარდის საზოგადოების ფართო მხარდაჭერით“ და არა – „გარეშე ძალების“ ზეწოლით.

ამის შემდეგ ჰარვარდის პრეზიდენტმა ალან გარბერმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ უნივერსიტეტმა ვერ გაამართლა სტუდენტების და თანამშრომლების მოლოდინები. მან, აგრეთვე, განაცხადა ანტისემიტიზმთან და ისრაელთან დაკავშირებით მიკერძოებული მიდგომის წინააღმდეგ ახალი ინიციატივების დაწყების შესახებ.

ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლა შესაძლოა ათობით უმაღლეს სასწავლებელს შეეხოს

ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციის ერთადერთი სამიზნე არ არის, ამერიკის მთავრობა „მემარცხენე ლიბერალურ“ იდეოლოგიაში კიდევ 60 უმაღლეს სასწავლებელს ადანაშაულებს და შესაძლოა ამ უნივერსიტეტებსაც იგივე შეზღუდვები დაუწესოს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close